ვლადიმირ ვაისი:
Aa
Aa

ვლადიმირ ვაისი: "ჩვენი მიზანი ისტორიის შეცვლაა!"

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, მატჩამდე 24 საათით ადრე, შეხვედრის მასპინძელ „ავივას“ სტადიონზე ივარჯიშა.

დუბლინის მთავარ სპორტულ არენაზე, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 23 ფეხბურთელი იყო. ნაკრებს წლის მეორე ოფიციალურ შეხვედრაში ტრავმების გამო, უჩა ლობჟანიძე და დავით ხოჭოლავა გამოაკლდნენ. ამ ეტაპზე ორივე ფეხბურთელი გუნდთან რჩება და ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა უელსთან შეხვედრისათვის გამოჯანმრთელებას.

მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს, მედიის წარმომადგენლები, ტრადიციულად, მხოლოდ 15 წუთის განმავლობაში ესწრებოდნენ. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი, ოფიციალურ პრესკონფერნეციაზე, ვლადიმირ ვაისი, გურამ კაშიასთან ერთად წარსდგა.

ვლადიმირ ვაისი: - "ჩვენ თითო ნაბიჯით წინ მივდივართ და მომავალზე ვაკეთებთ აქცენტს. როდესაც საქართველოს ნაკრები ჩავიბარე, მე მის ბევრ თამაშს ვუყურე. გუნდს ხშირად არ უმართლებდა. მას ჰყავდა ბევრი ნიჭიერი და ტექნიკურად ძლიერი ფეხბურთელი, თუმცა ტაქტიკური თამაშისა და ფიზიკური მომზადების მხრივ, შეცდომები იყო. ჩემი დავალებაა, ნელ-ნელა კარგი გუნდი ჩამოვაყალიბო, რომელიც დადებით შედეგებს მიაღწევს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოგვივა.

ცხადია, რომ კონკრეტულად ირლანდიასთანაც საქართველოს ბევრჯერ არ გაუმართლა და ჩვენი მიზანია, ხვალ ისტორია შევცვალოთ. გარკვეულ მომენტში ყველა სერია მთავრდება და ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ხვალ შევძლებთ დადებითი შედეგის მიღწევას.

ყველა თამაში 0:0-ით იწყება და ვნახოთ, საბოლოოდ რა გამოგვივა. ხუთი წლის წინ სლოვაკეთის ნაკრებს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავდა, როდესაც ჩვენ ამ ჩინებულ სტადიონზე, მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მაყურებლის წინაშე 0:0 ვითამაშეთ და განმეორებით შეხვედრაშიც ფრეს მივაღწიეთ.

როგორც ჩვენ, ისევე ირლანდიას, ხარისხიანი ფეხბურთელები გვყავს. ამასთანავე, მეტოქემ ახალი გამოცდილება დააგროვა გასულ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მათ ძალიან კარგად ითამაშეს. ჩვენ ვიცით, რომ ბრიტანელებს თანაბრად დაბალანსებული გუნდი ჰყავთ. ვფიქრობ, ჩვენც შეგვიძლია, რომ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ, გოლები გავიტანოთ და მოვიგოთ.

ავსტრიასთან პირველი ტაიმი საკმაოდ ცუდად ვითამაშეთ. დავუშვით ორი უხეში შეცდომა, მათ შორის ერთ-ერთი სტანდარტული სიტუაციისას, რომელიც ხვალინდელ თამაშშიც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. მეორე ტაიმი უკეთესად ჩავატარეთ, გავიტანეთ ულამაზესი გოლი, გვქონდა სამი კარგი შანსი. მომენტებში არ გაგვიმართლა და საბოლოო ჯამში, ერთი გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა.

ბოლო 4 შეხვედრა, ჯაბა კანკავას გარეშე ვითამაშეთ, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. სამწუხაროდ, ვარჯიშის დროს ასევე ტრავმა მიიღო უჩა ლობჟანიძემაც. თუმცა გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია და იმედი მაქვს, ისინი დანაკლისს სათანადოდ შეავსებენ". 

გურამ კაშია: - „ვიცით, რომ ირლანდიის ნაკრები სტანდარტულებისას განსაკუთრებით ძლიერია და თუ წარმატების მიღწევა გვინდა, ამ კომპონენტში უდიდესი ყურადღებითა და მაქსიმალური მობილიზებით უნდა ვითამაშოთ. თუ ორთაბრძოლებს მოვიგებთ, შანსი უკეთესი იქნება. რთულ თამაშს ველით, რომელიც დიდ ძალას წაიღებს.

მეტოქეს არაფერი უნდა დავუთმოთ, წინა ხაზში ტექნიკური ფეხბურთელები გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ ინდივიდუალურად მომენტის შექმნა და გოლის გატანა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი ტიპის მატჩებში ორთაბრძოლების მოგება უმნიშვნელოვანესია და თუ ამას მეტოქეზე უკეთ შევძლებთ, 3 ქულის აღების შანსიც გვექნება“. - განაცხადა კაშიამ, რომელიც დღეს მოედანზე ნაკრების კაპიტნის რანგში გამოვა.

ირლანდიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება, დუბლინის „ავივას“ სტადიონზე, 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები