Aa
Aa

ატალანტას მორიგი სუპერშოუ! - შედეგი, სანახაობა, რეკორდები...

ბერგამოს „ატალანტა“ სუპერშედეგიან თამაშსა და რეკორდების დამყარებას აგრძელებს. ჯან პიერო გასპერინის გუნდმა ამჯერად „ბრეშა“ გაანადგურა და მას 6:2 მოუგო.

მარიო პაშალიჩმა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა, რობინ გოსენსი მიმდინარე სეზონში ტოპ 5 ჩემპიონატში მცველებს შორის საუკეთესო სტატისტიკითაა, თავად გუნდმა კი რამდენიმე მაჩვენებელი გაიმეორა ან გააუმჯობესა, რამდენიმესაც მიუახლოვდა.

გოსენსმა გუშინდელ მატჩში 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს გადაასწრო და ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ეგიდით, მცველებს შორის, მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტ გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული. გერმანელმა 9 ბურთი თავად შეაგდო, 8-ჯერ კი თანაგუნდელებს გაატანინა. „ლივერპულის“ ახალგაზრდა ფლანგელის აქტიურობით 15 გოლი გავიდა.

„ატალანტა“ სერია A-ს ბოლო 60-წლიან ისტორიაში „ნაპოლის“ მიერ დამყარებულ რეკორდს უახლოვდება. ნეაპოლელებმა 2016-17 წლების ჩემპიონატი 94 გოლით დაასრულეს, ბერგამოელებს კი 33 მატჩის შემდეგ 93 გოლი აქვთ გატანილი და ლიგის დასრულებამდე კიდევ 5 მატჩი რჩებათ. ზოგადად, იტალიის მთავარი დივიზიონის გოლების რეკორდი „ტორინოს“ ეკუთვნის, რომელმაც 1947-48 წლების სეზონში 105 გოლი შეაგდო. არაა გამორიცხული, გასპერინის „ბერგამასკიმ“ ამ რეკორდსაც დაუმიზნოს.

ლომბარდიელებმა სერია A-ს მიმდინარე სეზონის ერთ მატჩში 6 გოლი უკვე მეოთხედ გაიტანეს, რაც ტოპ 5 ჩემპიონატის მასშტაბით ამ დროისთვის საუკეთესო შედეგია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი უკვე პირადად ბერგამოელებს ეხებათ. მათ მიმდინარე „ლეგა კალჩოში“ 21 შეხვედრა აქვთ მოგებული, რაც კლუბის ყველა დროის რეკორდის გამეორებაა. „შავ-ლურჯებმა“ სეზონში ასევე 21 თამაში 2016-17 წლებში მოიგეს, მათ მაშინაც ჯან პიერო გასპერინი წვრთნიდა.

ასე რომ, დარჩენილ 5 ტურში „ატალანტას“ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკორდის მოხსნა შეუძლია. გუნდის კალენდარი ასეთია: გასვლითი მატჩები „ვერონასთან“, „მილანთან“ და „პარმასთან“, ბერგამოში კი „ბოლონია“ და „ინტერი“ ჩავლენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები