„გუშინ ფეხბურთისთვის კარგი დღე იყო
Aa
Aa

„გუშინ ფეხბურთისთვის კარგი დღე იყო" - გუარდიოლა კლოპისა და ჟოზეს კრიტიკას გამოეხმაურა

„სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ ჟოზე მოურინიოსა და იურგენ კლოპის კრიტიკას უპასუხა. კატალონიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ CAS-ის გადაწყვეტილებით ბედნიერია და დასძინა, რომ დროა, ხალხმა „სიტის“ ბრალდებებზე საუბარი შეწყვიტოს.

„გუშინ ფეხბურთისთვის კარგი დღე იყო. წესები რომ დაგვერღვია, დისკვალიფიკაციას მივიღებდით. შეწყვიტეთ ჩვენს ზურგსუკან ჩურჩული და თუ რამის თქმა გინდათ, პირდაპირ გვითხარით. ამ ბრალდებებმა ჩვენი რეპუტაცია დააზიანა, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ უდანაშაულონი ვართ და ხალხი ამას უნდა შეეგუოს.

ვიცი, რომ ლივერპულს, არსენალს, იუნაიტედს და სხვა გრანდებს ჩვენი აქ ყოფნა არ სიამოვნებთ, მაგრამ აუცილებელია იცოდნენ, რომ მათ გვერდით თამაშსა და იმ ტიტულებისთვის ბრძოლას ვიმსახურებთ, რომლებიც მათ წარსულში მოუპოვებიათ.

ჟოზემ და სხვა მწვრთნელებმა კარგად იციან, რომ ჩვენ ზიანი მოგვადგა და მათ ბოდიში უნდა მოგვიხადონ. წესები რომ დაგვერღვია, დავისჯებოდით, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ამტკიცებს, რომ არაფერი დაგვიშავებია.

ხალხი ამბობდა, რომ ვიტყუებოდით და წესებს გვერდს ვუვლიდით, იმედია, ახლა მაინც გაჩუმდებიან. ჩვენ თავი დავიცავით, რადგან დარწმუნებული ვიყავით, რომ არაფერი დაგვიშავებია და ჩვენი პოზიცია სამმა მოსამართლემაც გაიზიარა. ბედნიერნი ვართ და გვიხარია, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენზე ამბობდნენ, სიმართლე არ აღმოჩნდა“.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში უეფამ „სიტის“ ევროტურნირებიდან 2 წლით მოკვეთის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა „ქალაქელებმა“ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში, CAS-ში აპელაცია შეიტანეს და საბოლოოდ, დისკვალიფიკაციას გადაურჩნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები