ხიზანიშვილი: ''თუ გარშემო მხოლოდ ძალადობაა, ჩიხიდან გამოსვლა ურთულესია''
Aa
Aa
11 ივლისი 2020  |  19:45

ხიზანიშვილი: ''თუ გარშემო მხოლოდ ძალადობაა, ჩიხიდან გამოსვლა ურთულესია''

''ბლექბერნ როვერსისა'' და გლაზგოს ''რეინჯერსის'' ექს-ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემას, ''რეალურ სივრცეს'' ესაუბრა. 38 წლის სპეციალისტი ხიზანიშვილი ძალადობის განმაპირობებელ ფაქტორებზე საუბრობს.

ზურაბ ხიზანიშვილი: ''უპირველესად გიორგი შაქარაშვილის ოჯახს ვუსამძიმრებ. ქართული ფეხბურთის ოჯახში დიდი ტრაგედია მოხდა, თუმცა ეს მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება, მთელი ქვეყნისთვის დიდი ტრაგედიაა.

არ არსებობს გარანტია, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდება, თუმცა დიდი კითხვის ნიშანი ჩნდება: საიდან მოდის ეს აგრესია? ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, რაც მოზარდის მხრიდან აგრესიას იწვევს. ბევრი მოტივი არსებობს. მაგალითად, როგორ ოჯახში იზრდება ბავშვი, გარემო, სადაც იზრდება. ასევე, სამეგობრო წრე.

ამ თემაზე ჩემს შვილებთან ვსაუბრობ ხოლმე. კითხვაზე საიდან მოდის აგრესია მოზარდებში, ჩემმა შვილმა ტასომ მითხრა, რომ აგრესია მოდის იქიდან, სადაც ადამიანი მეტ დროს ატარებს. ბევრი ბრწყინვალე ოჯახი მახსენდება, სადაც ბავშვი კრიმინალი გაიზარდა. ასევე, არც თუ ისე კარგ ოჯახში, შესანიშნავი პიროვნება აღზრდილა. მხოლოდ ოჯახი არ განაპირობებს როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება.

ზოგადად ვფიქრობ, რომ თუ ძალადობა იშვიათად ხდება, მოზარდი ისეთ ადგილებს თავს არიდებს, სადაც აგრესიაა, მაგრამ თუ მის გარშემო ყველგან ძალადობას ხედავს, ამ ჩიხიდან გამოსვლა ძალიან რთულია.

იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში ბევრმა სპორტსმენმა აგრესია გამოავლინა, შესაძლოა საზოგადოების მხრიდან სპორტსმენთა დისკრედიტაცია მოხდეს, თუმცა ეს არ იქნება სწორი, რადგან სპორტში უამრავი წელი გავატარე და შემიძლია გითხრათ, რომ სპორტში აგრესია ძალიან ნაკლებია.

როცა გაბრაზებული ვყოფილვარ, მოედანზე გავდიოდი და უარყოფი ენერგიისგან ვიცლებოდი. ვერ დავეთანხმები ადამიანებს, რომ სპორტში აგრესიაა, მთელი ცხოვრება სპორტში გავატარე და ეს კარგად ვიცი.''

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები