Aa
Aa
10 ივლისი 2020  |  11:30

პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველად! - იუნაიტედის შთამბეჭდავი რეკორდი

ოლე-გუნარ სულშერის „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმატებული სვლა გრძელდება. „წითელმა ეშმაკებმა“ გუშინ „ასტონ ვილასთან“ 3:0 გაიმარჯვეს, რაც პრემიერ ლიგის ისტორიული რეკორდის დამყარების განმაპირობებელი გახდა.

„მანკუნიანელებმა“ ჩემპიონატის ბოლო 4 თამაში მინიმუმ 3-ბურთიანი უპირატესობით მოიგეს, ეს კი პრემიერ ლიგაში ანუ 1992 წლის შემდეგ სარეკორდო მაჩვენებელია. ინგლისის ჩემპიონატში ბოლოს ასეთი რამ 1987 წელს „ლივერპულმა“ გააკეთა.

ცალკე აღნიშვნა ეკუთვნის დავიდ დე ხეას, რომელიც დღეიდან „იუნაიტედის“ რიგებში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი არაბრიტანელია. ესპანელი მეკარე გუშინდელ მატჩში გუნდის კარს 399-ედ იცავდა. იგი საერთო სიაში მე-9 ადგილზე იმყოფება და ლიდერ რაიან გიგზამდე ბევრი აშორებს - უელსელმა „წითელ ეშმაკთა“ მაისური 963-ჯერ მოირგო.

მორიგი წარმატებული დღე ჰქონდა მანჩესტერელთა 18 წლის ფეხბურთელ მეისონ გრინვუდს. მან პრემიერ ლიგის ზედიზედ მე-3 თამაშში გაიტანა და დენი კადამარტერის, მაიკლ ოუენისა და ფრენსის ჯეფერსის შემდეგ ისტორიაში მე-4 ფეხბურთელია, რომელმაც ასეთ შედეგს 18 წლის ან უფრო მცირე ასაკში მიაღწია.

„წითელ ეშმაკთა“ მხრიდან დანარჩენი ორი გოლი ბრუნო ფერნანდეშმა და პოლ პოგბამ შეაგდეს. სულშერის გუნდი, რომელიც შემდეგ ტურში „საუთჰემპტონს“ უმასპინძლებს, ცხრილის სამეულს - ორ, ხოლო ოთხეულს ერთ ქულამდე მიუახლოვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები