Aa
Aa

ჩელსი ჰავერცისთვის თანხას აგროვებს - ლურჯები 6 ფეხბურთელს გაყიდიან

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსი“ კაი ჰავერცის ტრანსფერის გასაჩარხად თანხას აგროვებს და მიზნის მისაღწევად მზადაა ამ ზაფხულს 6 ფეხბურთელი გაყიდოს.

Express იუწყება, რომ „არისტოკრატები“ მარკოს ალონსოს, მიში ბაჩუაის, დენი დრინკუოთერის, ტიემუ ბაკაიოკოს, კენედისა და ემერსონის გასხვისებას გეგმავენ.

„ლურჯები“ ალონსოთი და ემერსონით უკმაყოფილონი არიან და მარცხენა მცველის პოზიციის გაძლიერებას აპირებენ. დანარჩენებს რაც შეეხებათ, ბაჩუაის „ჩელსის“ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ძალიან უჭირს. დრინკუოთერი, ბაკაიოკო და კენედი კი, იჯარის წესით სხვა კლუბებში ასპარეზობენ.

Express-ის მიხედვით, „ლურჯებს“ საბოლოო არჩევანი ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა ჰავერცის მიმართ ინტერესი იმდენად დიდია, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელების „ჩელსიდან“ წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

როგორც მოგეხსენებათ, ჰავერცი „ლევერკუზენის“ ღირსებას იცავს და გერმანული გუნდი შესაფერისი წინადადების მიღების შემთხვევაში, მზადაა 21 წლის ვარსკვლავს შეელიოს. „ნისლიან ალბიონზე“ იუწყებიან, რომ „არისტოკრატებს“ ჰავერცის სანაცვლოდ დაახლოებით 90 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები