ბურჯანაძის გრან კანარია ჯგუფში ჩარჩა - ნახევარფინალური წყვილები ცნობილია
Aa
Aa

ბურჯანაძის გრან კანარია ჯგუფში ჩარჩა - ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ ლიგა ენდესას ფინალური ეტაპის ნახევარფინალში გასვლის შანსი დაკარგა. დღეს, ქართველი კალათბურთელის გუნდი „ვალენსიას“ დაუპირისპირდა და დასანანი მარცხი იწვნია.

„ვალენსია“ უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა. გადამწყვეტი კი, მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც „გრან კანარიამ“ 26-12 წააგო და საბოლოოდ 97-81 დამარცხდა.

ბექა ბურჯანაძე თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 22 წუთ-ნახევარზე ოდნავ მეტი გაატარა და აქტივში 11 ქულა და 2 მოხსნა ჩაიწერა. ბექამ 3 ორიანი, 1 სამიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო. ბურთი არ დაუკარგავს და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

„გრან კანარიასთან“ გამარჯვებით „ვალენსიამ“ პირველი ადგილი გაინაღდა და ნახევარფინალში თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“ დაუპირისპირდება. მეორე პოზიცია ტად მაკფადენის „სან პაბლო ბურგოსმა“ დაიკავა, რომელიც ნახევარფინალში „ბარსელონას“ შეერკინება. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, მადრიდის „რეალმა“ კი, ჯგუფური ეტაპის ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები