Aa
Aa

სერია A-ს ისტორიაში მე-3 ფეხბურთელი - კორნელიუსის სუპერშედეგი

ემილია-რომანიული „პარმას“ ფორვარდი, ანდრეას კორნელიუსი სერია A-ს ისტორიაში შევიდა. დანიელმა შემტევმა „ჯენოასთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა, შედეგად, კურტ ჰამრინისა და მარკო ბორიელოს ბრწყინვალე მაჩვენებლებს გაუთანაბრდა.

ხსენებული დუეტის შემდეგ, კორნელიუსი იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში მხოლოდ მე-3 ფეხბურთელია, რომელმაც ერთ სეზონში ერთ მეტოქეს ორივე შეხვედრაში 3-3 გოლი გაუტანა. ჰამრინმა იგივე 1957-58 წლების სეზონში ასევე „ჯენოას“ წინააღმდეგ გააკეთა, 2007-08 წლების სეზონში კი ბორიელომ „უდინეზე“ დაამწუხრა.

კორნელიუსმა პირველ წრეში გენუელებს ჰეთ-თრიქი 50-ე წუთისთვის შეუსრულა, ხოლო გუშინდელ მატჩში ამისთვის 3 წუთით მეტი დასჭირდა. „პარმამ“ „ჯენოა“ პირველ წრეში 5:1 გაანადგურა, გუშინ კი გასვლაზე 4:1 მოუგო. გოლების გარდა, სკანდინავიელმა საგოლე პასიც მიითვალა.

ანდრეას კორნელიუსს სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 11 გოლი მოუგროვდა, მისი გუნდი კი ევროპა ლიგის ზონას 3 ქულამდე მიუახლოვდა. პარმელები შემდეგ ტურში „ინტერს“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები