Aa
Aa

"გოლი უნდა ჩათვლილიყო", - რეალი და ვიდეო რეფერი: მორიგი სკანდალი ლა ლიგაში

ესპანეთში ვიდეო რეფერის მისამართით მორიგი სკანდალი მძვინვარებს.

ბარსელონური და არამარტო ბარსელონური პრესა აქტიურად წერს, რომ „რეალის“ მიმართ ვიდეო რეფერი განსხვავებულად მოქმედებს.

ყველაფერი პანდემიის შემდეგ, პირველივე ტურში დაიწყო. „ეიბართან“ მატჩში მადრიდელთა პირველი გოლი აშკარა თამაშგარიდან გავიდა, თუმცა ვიდეო რეფერიმ გამეორების შემდეგ, ის მაინც ჩათვალა.


გასულ ტურში „ვალენსიასთან“ მატჩში „ღამურებმა“ ანგარიში გახსნეს, თუმცა ვიდეო რეფერიმ პასიური თამაშგარე დააფიქსირა და გოლი გააუქმა. ბევრი თვლიდა, რომ იქ წესების დარღვევა 100%-იანი ნამდვლად არ ყოფილა.

ფეხბურთელი ბურთს არ ეხება, მას ატარებს, შემდეგ იგი ვარანს ხვდება და სწორედ ამის შემდეგ, როდრიგოს მისდის, რომელიც გოლს იტანს. ანალიტიკოსთა ნაწილმა იმ ეპიზოდში წესების სრულფასოვანი დარღვევა ვერ დაინახა.

თუმცა, გადაჭრით იმის თქმა, რომ არბიტრი შეცდა მაინც რთულია, რადგან წესების მიხედვით აქ თამაშგარეა. "ვალენსიას" მოთამაშე ბურთთან ზედმეტად ახლოს იყო.


მადრიდული გამოცემის AS-ის ანალიტიკოსი იტურალდე გონსალესი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ლა ლიგისა და FIFA-ს რეფერი გახლდათ, „რეალის“ სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრობს და საკუთარ პოზიციას აფიქსირებს:

ვინისიუსის პენალტის შესახებ: „ლორენტემ ვინისიუსს მარჯვენა ფეხზე მიარტყა, როცა ის დარტყმას აპირებდა, შემდეგ იგი მას მოშორდა, თუმცა დარღვევა აშკარაა, პენალტი იყო“.

იანუზაის არჩათვლილი გოლის შესახებ: „წესების თანახმად, თუ დარტყმის დროს, მოთამაშე მეკარეს ბურთის დანახვაში ხელს უშლის, ან უბრალოდ მას ეფარება, ეს თამაშგარეა. თუმცა, ამ ეპიზოდში პირადად მე ვფიქრობ, რომ გოლი უნდა ჩათვლილიყო. იმ მომენტში თამაშგარეს არ დავაფიქსირებდი. მოთამაშე მეკარის საჯარიმოს გარეთ იმყოფებოდა, კარიდან დაახლოებით 5.5 მეტრში“.

ბენზემას გოლის შესახებ: „100%-ით ვერ ვიტყვით, რომ აქ ხელი იყო, ან მხრით თამაში იყო. თუმცა, მსაჯისთვის ეს ხელით თამაში არ არის. რასაც არბიტრი ამბობს, ეს სწორია“.

ამ მომენტში ესპანურმა პრესამ გაიხსენა სუპერ თასის ნახევარფინალური მატჩი „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ შორის, როდესაც მესიმ ბრწყინვალე გოლი გაიტანა, თუმცა მსაჯმა გოლი გააუქმა, რადგან არგენტინელის მხრიდან ხელით თამაში დააფიქსირა.

მესისა და ბენზემას მომენტები ერთმანეთს ძალიან გავდა. რეალურად ხელით თამაში არცერთის მხრიდან არ ყოფილა, თუმცა „ბარსას“ გოლი გაუქმდა, „რეალს“ კი ჩაუთვალეს. ვიდეო რეფერიმ იდენტურ სიტუაციებში განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღო.

ზიდანი ვიდეო რეფერის ირგვლივ არსებულმა სიტუაციამ გააღიზიანა და დასმულ კითხვას მოკლედ უპასუხა: "მირჩევნია ფეხბურთზე ვილაპარაკო და არა მსაჯობაზე. ეს არბიტრის გადაწყვეტილება არის და გარჩევას არ ვაპირებ. მსაჯებზე იმდენს ლაპარაკობენ, თითქოს რეალი მოედანზე არაფერს აკეთებდეს".

ლა ლიგის დასრულებამდე 8 ტურით ადრე, „რეალი“ და „ბარსა“ 65-65 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობენ, თუმცა ურთიერთშეხვედრებში მადრიდელებს უპირატესობა აქვთ და პირველ პოზიციას ისინი იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები