Aa
Aa

"ვამაყობ, რომ ჩემი რეკორდი დაამხე" - მარადონამ მერტენსს ბომბარდირობა მიულოცა

დიეგო მარადონამ დრის მერტენსს „ნაპოლის“ ყველა დროის რეკორდის დამყარება მიულოცა და ამასთან დაკავშირებით სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა.

მერტენსმა გასულ უქმეებზე „პარტენოპეის“ მაისურით 122-ე გოლი შეაგდო და კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა.

„სალამი, დრის, ჩემო მეგობარო! ვამაყობ, რომ ჩემი რეკორდი დაამხე, რადგან ეს ნიშნავს, რომ „ნაპოლი“ ყოველდღიურად წინ მიდის. მინდა, გვყავდეს იმაზე უკეთესი გუნდი, ვიდრე ჩემს პერიოდში იყო და ნეაპოლელი ხალხისთვის კიდევ ერთი „სკუდეტო“ მოვიგოთ“.

ბელგიელი შემტევი მარადონას ვიდეომიმართვას „ტვიტერზე“ მოკლედ გამოეხმაურა და დაწერა: „მადლობა ასეთი სიტყვებისთვის! „ნაპოლი“ სამუდამოდ!“

მარადონამ „ნაპოლისთვის“ 115 გოლი გაიტანა და დაახლოებით 30 წლის განმავლობაში კლუბის ყველა დროის ბომბარდირი იყო. მისი რეკორდი 2017 წელს მარეკ ჰამშიკმა დაამხო და გააუმჯობესა, მერტენსმა კი ჰამშიკს სწორედ შაბათს გადაასწრო.

ნეაპოლელები იტალიის თასის ფინალისთვის ემზადებიან და 2014 წლის შემდეგ პირველი ტიტულის მოგება სურთ. ისინი ფინალურ შეხვედრაში „იუვენტუსს“ ხვალ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები