იკარდის ტრანსფერზე შეთანხმება შედგა: პსჟ 57 მილიონს გადაიხდის
Aa
Aa

იკარდის ტრანსფერზე შეთანხმება შედგა: პსჟ 57 მილიონს გადაიხდის

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით პსჟ-მ მაურო იკარდისთან დაკავშირებით მილანის ''ინტერთან'' შეთანხმებას მიაღწია. აღნიშნული წყაროს ცნობით სატრანსფერო თანხა 57 მილიონ ევროს აღწევს.

როსარიოში დაბადებულს არგენტინაში არასდროს უთამაშია, 15 წლიდან ევროპაში თამაშობს, ''ბარსელონას'' აკადემიაში გატარებული პერიოდის შემდეგ გენუის ''სამპდორიასა'' და მილანის ''ინტერში'' ასპარეზობდა. 2019 წლის ზაფხულში ''ინტერმა'' იკარდი პსჟ-ში გაანათხოვრა, ფაბრიციო რომანოს ცნობით კი იკარდი უმდიდრესი ფრანგული კლუბის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

27 წლის თავდამსხმელმა 2019-20 წლების სეზონის ლიგა 1-ში 20 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი შეაგდო. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა და დაამტკიცა, რომ ფრანგულმა კლუბმა მისი დამატებით სწორი არჩევანი გააკეთა.

არგენტინის ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩი 2013 წელს მონტევიდეოში ურუგვაისთან ჩაატარა. 2017 წელს ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა და მას შემდეგ კიდევ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ეროვნულ გუნდში ბოლო მატჩი 2018 წელს მექსიკასთან ჩაატარა და პირველი გოლიც ამ თამაშში ლამელას პასით შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები