მარსელ კოლერი: "ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია"
ავსტრიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარსელ კოლერმა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევის ეტაპის პირველი ტურის წინ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„ერთი კვირაა შევიკრიბეთ. გუნდში ხალისიანი და ამავდროულად, საბრძოლო განწყობაა. ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია, რასაც საფუძველი ხვალ უნდა ჩავუყაროთ და ვფიქრობ, მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადეთ“.
„ფავორიტის სტატუსი არაფერს ნიშნავს, მთავარია მოედანზე აჩვენო რა შეგიძლია. ვცდილობთ ყველა მეტოქესთან შესაბამისი ფეხბურთი ვითამაშოთ და ხვალაც, რა თქმა უნდა, ტაქტიკას მოწინააღმდეგის პლიუს-მინუსებზე ავაგებთ“.
„საქართველოს ნაკრები კარგად შევისწავლეთ და ცხადია, რომ ამ გუნდს თავდაჯერება არ აკლია და დადებითი შედეგის მიღწევა, ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია. მით უმეტეს, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ. ასე რომ, ხვალ რთული მატჩი გველის“. - დასძინა 55 წლის კოლერმა, რომელიც ავსტრიელთა უმთავრეს გუნდს 2011 წლიდან ავარჯიშებს. მას სხვადასხვა დროს, შვეიცარიული და გერმანული კლუბები, „ვილი“, „სტ. გალენი“, „გრასჰოპერსი“, „კიოლნი“ და „ბოხუმი“ გაუწვრთნია.
კოლერთან ერთად პრესკონფერენციას, „ლევერკუზენის“ ნახევარმცველი, იულიან ბაუმგარტლინგერი დაესწრო, რომელმაც მოკლე შეფასება გააკეთა.
„წინა ციკლში დასახული მიზნები სათანადოდ შევასრულეთ და „ევრო 2016“-ის საგზური მოვიპოვეთ. განსაკუთრებით კარგად, გასვლაზე თამაში გამოგვდიოდა (ავსტრიის ნაკრებმა წინა შესარჩევ ციკლში სტუმრად 5-დან 5 თამაში მოიგო). იმედია, ამჯერადაც ასე იქნება და სასურველ შედეგს მივაღწევთ“.
„ვიცით, რომ საქართველოს ნაკრები ბოლო პერიოდში საკმაოდ გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს და ნორმალური შედეგებიც აქვს. ასე რომ, იოლ მატჩს არ უნდა ველოდეთ“. - განაცხადა ბაუმგარტლინგერმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ავსტრიის უპირველესი გუნდების დაპირისპირება, დღეს "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.
თამაშზე დასასწრები ბილეთების ფასი 5, 10, 15, 25 და 35 ლარია.