„არავინ იცის, ერთ წელიწადში მსოფლიო როგორი იქნება
Aa
Aa

„არავინ იცის, ერთ წელიწადში მსოფლიო როგორი იქნება" - ტოკიოს ოლიმპიური თამაშები შესაძლოა გაუქმდეს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები უნდა გაუქმდეს, თუ მისი ჩატარება შესაძლებელი არ იქნება 2021 წლის ზაფხულში.

აპრილში იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ განაცხადა, რომ ვირუსთან გამკლავების გარეშე ოლიმპიური თამაშების ჩატარება შეიძლება რთული იყოს. თობას ბახი განმარტავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით IOC ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მითითებებს ეყრდნობა.

„ჩვენ შემუშავებული გვაქვს ერთი პრინციპი: თამაშების ორგანიზება უსაფრთხო გარემოში ყველა მონაწილისთვის. არავინ იცის, როგორი იქნება მსოფლიო ერთ წელიწადში, ან ორ თვეში. ასე რომ, უნდა დავეყრდნოთ ექსპერტებს და შემდეგ, შესაბამის დროს შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც დამყარებული იქნება ამ რჩევებზე. მესმის, რომ შეუძლებელია მუდმივად გადაავადო ასპარეზობები. შეუძლებელია მუდმივად დაქირავებული გყავდეს საორგანიზაციო კომიტეტში 3 ათასი ან 5 ათასი ადამიანი. ასევე შეუძლებელია, რომ ყოველ წელს მნიშვნელოვან ფედერაციათა სპორტული კალენდარი სრულიად შეცვალო მთელ მსოფლიოში. არ შეიძლება, რომ ათლეტები გაურკვევლობაში გყავდეს. ასე რომ, მესმის იაპონელ პარტნიორთა ამგვარი მიდგომა.

მზად უნდა ვიყოთ სხვადასხვა სცენარისთვის. იმედია, ეს თამაშები მომავალი წლის ივლისში გაიმართება. თუმცა შესაძლოა, უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად საჭირო გახდეს დამატებითი ზომები - კარანტინი ათლეტებისთვის, მათი ნაწილისთვის, სხვა მონაწილეებისთვის," - განაცხადა თომას ბახმა.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშები უნდა ჩატარებულიყო წლეულს 24 ივლისი - 9 აგვისტოს ჩათვლით, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ოთხწლეულის უმთავრესი ასპარეზობა 2021 წლამდე გადავადდა.

მომზადებულია geonoc.org.ge-ის მიხედვით

ცხელი ამბები