მოიზე კინმა კარანტინი დაარღვია და მოდელებთან ერთად მოილხინა
Aa
Aa

მოიზე კინმა კარანტინი დაარღვია და მოდელებთან ერთად მოილხინა

„ევერტონმა“ 20 წლის ფორვარდი მოიზე კინი 100 ათასი ფუნტით დააჯარიმა და იტალიელ ფეხბურთელს ამასთან ერთად კარლო ანჩელოტის რისხვაც დაატყდა თავს. ყველაფრის მიზეზი დარღვეული თვითიზოლაციაა, რომლის დროსაც ფეხბურთელმა სახლში წვეულება მოაწყო.

Mirror-ის ცნობით, კინმა საკუთარ სახლში მოდელები დაპატიჟა და კარგადაც მოილხინა, შემდეგ ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა, რასაც მისი დასჯა მოჰყვა.

„ევერტონი“, რომელიც საკუთარ ქომაგებს პანდემიის დროს აქტიურად ეხმარება და ყველა საჭირო წესის დაცვისკენ მოუწოდებს, მოიზე კინის საქციელის გაგების შემდეგ განრისხებულია და განცხადებასაც ავრცელებს.

„კლუბმა ფეხბურთელის მიმართ თავისი იმედგაცრუება მკვეთრად გამოხატა და ცხადყო, რომ მსგავსი ქმედებები მიუღებელია.

ექიმები, რომლებიც მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ, იმსახურებენ პატივისცემას მათი რთული სამუშაოსა და სმხვერპლის გაღებისთვის.

მათ მიმართ ყველაზე დიდი პატივისცემის გამოხატვა, მათივე დაცვა იქნება“.

მოიზე კინი „ევერტონში“ არენდის წესით იმყოფება და „იუვენტუსის“ საკუთრება გახლავთ. ამ ფაქტის შემდეგ დიდია ალბათობა, რომ „კანფეტებმა“ მისი გამოსყიდვა არ მოისურვონ და იტალიელი უკან ტურინში დააბრუნონ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისში ფეხბურთელების მხრიდან კარანტინის დარღვევის მე-3 შემთხვევა გახლავთ. კინამდე მსგავსი ქმედება „ასტონ ვილას“ ნახევარმცველმა ჯეკ გრილიშმა და „მანჩესტერ სიტის“ მცველმა კაილ უოკერმა ჩაიდინეს.

გრილიში ღამით წვეულებაზე წავიდა და შემდეგ ნასვამი ავარიაში მოყვა. უოკერმა კი სახლში მეძავები დაპატიჟა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები