„მოსკოვის ქუჩებში პოლარული დათვები დადიან“ - რატომ თქვა ტერიმ სპარტაკში გადასვლაზე უარი?
Aa
Aa

„მოსკოვის ქუჩებში პოლარული დათვები დადიან“ - რატომ თქვა ტერიმ სპარტაკში გადასვლაზე უარი?

საფეხბურთო აგენტმა, თემურ ღურცკაიამ „ჩელსის“ ლეგენდარული ფეხბურთელის, ჯონ ტერის შესახებ ისაუბრა და დაასახელა მიზეზი, რომლის გამოც, ინგლისელი უკანახაზელის მოსკოვის „სპარტაკში“ ტრანსფერი არ შედგა.

„ჯონ ტერი სპარტაკში თავისი ქალიშვილის გამო, არ გადავიდა. ეს ერთადერთი სიმართლეა. მას ვიზა აღებული ჰქონდა, სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და WhatsApp-ის მეშვეობით გამართულ მიმოწერაში კლუბის ხელმძღვანელები მას სპარტაკის ფეხბურთელად მოიხსენიებდნენ. იზმაილოვმა, ფედუნმა და გუნდის ექიმებმა დაწერეს, რომ მან სამედიცინო შემოწმება შესანიშნავად გაიარა და მოსკოვში მოდიოდა.

ტერიმ სამედიცინო შემოწმება რომში გაიარა და შემდეგ ლონდონში დაბრუნდა. საელჩოში ურიგოდ შევიდა და მის წამოსაყვანად კერძო თვითმფრინავიც გაგზავნეს, თუმცა მის ქალიშვილს ნერვული შეტევა დაეწყო. ტერის სკოლის დირექტორმა დაურეკა და უთხრა, რომ მისი ქალიშვილი ძირს ეცემა, კივის და ამბობს: „მამაჩემი მოსკოვში მიდის, სადაც ქუჩაში პოლარული დათვები დადიან. ის იქიდან ვერასდროს დაბრუნდება.

ტერის ტყუპები ჰყავს. მისმა ვაჟიშვილმა ყველაფერი ჩვეულებრივად აღიქვა, მაგრამ მის ქალიშვილს ზუსტად იგივე რეაქცია ჰქონდა მაშინაც, როცა ტერი ასტონ ვილაში იყო. ჯონს ყოველი მატჩისა და ვარჯიშის შემდეგ, ბირმინგემიდან ლონდონში დაბრუნება უწევდა. მასსა და მის ქალიშვილს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ და იძულებული გახდა მის გამო, კარიერა დაესრულებინა.

სხვებისგან განსხვავებით, ტერი ნამდვილი ჯენტლმენივით მოიქცა. იგი მოსკოვში ჩამოვიდა და ფედუნს პირადად მოუბოდიშა. იგი ლოჟაშიც ავიდა და კლუბის მესვეურებს ბოდიში მოუხადა“.

შეგახსენებთ, რომ ტერი ბოლოს „ასტონ ვილას“ ღირსებას იცავდა და კარიერა 2018 წლის 7 ოქტომბერს დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები