''ჩემპიონთა ლიგის დასრულება შეუძლებელია'' - მსოფლიოს ჩემპიონის პესიმისტური პროგნოზი
Aa
Aa

''ჩემპიონთა ლიგის დასრულება შეუძლებელია'' - მსოფლიოს ჩემპიონის პესიმისტური პროგნოზი

მიუნხენის ''ბაიერნის'' მცველი ლუკას ერნანდესი შიშობს, რომ მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის დასრულება შეუძლებელი იქნება.

L'Equipe 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონის კომენტარს ავრცელებს:''მცირე დროში ევროტურნირებისა და შიდა ჩემპიონატების დასრულება ძალიან რთული იქნება.

რაც შეეხება კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგას, ამ ტურნირში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის გუნდები და რთული წარმოსადგენია, რომ ამ ქვეყნებმა იზოლაციაზე უარი ერთდროულად თქვან. ჩემპიონთა ლიგის სეზონის დასრულებისთვის მოგზაურობა ინგლისში, იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში მოგვიწევს.

რეალისტები უნდა ვიყოთ, ასეთ მოკლე დროში ჩემპიონთა ლიგის სეზონის დასრულება შეუძლებელია, მით უმეტეს, როცა შიდა ჩემპიონატების დამთავრებაც გვსურს.''

უეფას გადაწყვეტილებით კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპული ტურნირები შეჩერებულია, თუმცა განახლების დრო უცნობია, რადგან ევროპულ ქვეყნებში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით რადიკალური ცვლილება არაა.უეფას პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინის განცხადებით ევროპული ტურნირები დასრულდება სექტემბრამდე ან სეზონი გაუქმებულად გამოცხადდება.

ბუნდესლიგა პირველია, ვინც სეზონის განახლებას მაისში გეგმავს. ბუნდესლიგის გუნდებმა ვარჯიში დაიწყეს. ცხადია, მიუნხენის ''ბაიერნის'' ფეხბურთელები სეზონის განახლებისთვის ემზადებიან.

''ვითარება საკმაოდ მკაცრია. ერთ ჯგუფში ოთხი ფეხბურთელია და ეს ჯგუფი განცალკევებით ვარჯიშობს, ისინი სხვებს არ ხვდებიან. თითოეული ჯგუფი განსხვავებულ დროს ვარჯიშობს, რომ სხვებთან კონტაქტი არ ჰქონდეს. გასახდელიც განსხვავებულადაა მოწყობილი.''

24 წლის ლუკას ერნანდესი 2014-19 წლებში მადრიდის ''ატლეტიკოს'' ღირსებას იცავდა. გასულ წელს ესპანური კლუბიდან მიუნხენის ''ბაიერნში'' გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები