უცნობი ისტორია - კონორის გმირობა და ცალი ფეხით მოგებული ბრძოლა
Aa
Aa

უცნობი ისტორია - კონორის გმირობა და ცალი ფეხით მოგებული ბრძოლა

UFC-ში კონორ მაკგრეგორის კარიერა 2013 წელს, მარკუს ბრიმეიჯის წინააღმდეგ გამართული შერკინებით დაიწყო. ჰოლოუეის, ბრანდაოს, პორიესა და სივერის დამარცხების შემდეგ კი, ირლანდიელმა საჩემპიონო ქამრის დასაკუთრების შანსი მიიღო.

2015 წლის 30 იანვარს გულშემატკივრებს ოცნება აუხდათ და ოფიციალურად დადასტურდა, რომ 11 ივლისს ოქტაგონზე ერთმანეთს ჟოზე ალდო და კონორ მაკგრეგორი დაუპირისპირდებოდნენ. UFC-ის განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და ინტერესის გასაზრდელად კონორმა და ჟოზემ 12-დღიანი მსოფლიო ტურნე დაიწყეს. ისინი 8 ქალაქს ესტუმრნენ, რომელთა შორის რიო დე ჟანეირო და დუბლინიც იყო. 

ტურნე 31 მარტს დასრულდა, 23 ივნისს კი, ალდომ ნეკნი მოიტეხა და ოქტაგონზე ვეღარ გავიდა. კონორს ჩხუბზე უარი არ უთქვამს და ალდოს შემცვლელს, ჩად მენდესს გაეჯიბრა.

მაკგრეგორისა და მენდესის ბრძოლაზე საუბრისას, ხშირად აღნიშნავენ, რომ მენდესს კონორთან ჯახისთვის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო ჰქონდა. ეს სრული სიმართლეა და ამის გამო, ამერიკელი მებრძოლი ნამდვილად დიდ პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ რატომღაც ბევრს ავიწყდება, რომ მაკგრეგორის მოსამზადებელი კემპი სრული კატასტროფა გახლდათ.

UFC 189-მდე 14 კვირით ადრე, ერთ-ერთი ვარჯიშისას, კონორმა და მისმა მწვრთნელმა ტკაცუნის ხმა გაიგონეს. ირლანდიელს ტკივილი არ უგრძნია, მაგრამ თავი დაიზღვია და სამედიცინო შემოწმების გავლა გადაწყვიტა. ტესტების შედეგად გაირკვა, რომ მაკგრეგორმა წინა ჯვარედინი იოგები 80 პროცენტით გაიწყვიტა. ასეთი ტრავმის მოშუშებას 6-დან 9 თვემდე სჭირდება, თუმცა კონორს ამდენი დრო არ ჰქონდა და მიზნად სასწაულის მოხდენა დაისახა.

მაკგრეგორმა პაუზის შემდეგ, მოსამზადებელი პერიოდი განაახლა, თუმცა ვარჯიშებისას იყო მომენტები, როცა გადაადგილება და ფეხზე დგომაც კი უჭირდა. ამასთან ერთად, კონორი გრეპლინგში ვერ ვარჯიშობდა, რაც ჩად მენდესის სტილის მქონე მებრძოლის წინააღმდეგ ჩხუბისას შესაძლოა უდიდეს პრობლემად ქცეულიყო. თანაც კონორი ალდოსთან ჯახისთვის ემზადებოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ოლიმპიური მოჭიდავის დონის მენდესს დაუპირისპირდებოდა.

„ბრძოლამდე 14 კვირით ადრე, წინა ჯვარედინი იოგები დავიზიანე. ტრავმის გამო, ძლივს დავდიოდი და ფეხით დარტყმების განხორციელება მიჭირდა. კარიერაში მსგავსი ტრავმა ადრეც მიმიღია და ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ურთულესი ბარიერების გადალახვა მომიწია და სიმართლე გითხრათ, მენდესის წინააღმდეგ ცალი ფეხით ვიჩხუბე, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დაბრკოლებების დაძლევის შემდეგ, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს 3 ფეხი შევიძინე“.

ირლანდიელმა მებრძოლმა ტრავმა, რომლის მოშუშებას მინიმუმ 6 თვე სჭირდება, 14 კვირაში დაამარცხა და ჩად მენდესის წინააღმდეგ ბრწყინვალედ იასპარეზა. შერკინება ამერიკელის უპირატესობით დაიწყო, მაგრამ კონორი ინიციატივას მალევე დაეუფლა და მენდესს ტექნიკური ნოკაუტით სძლია! რამდენიმე თვის შემდეგ კი, ჟოზე ალდოს 13 წამში გაუსწორდა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები