Aa Aa
31 მარტი 2020  |  21:13

ხელფასების შემცირება გარდაუვალია - რეალი კრიზისთან გამკლავების გზებს ეძებს

კორონავირუსის პანდემიამ საფეხბურთო კლუბების ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა და გამონაკლისი არც მადრიდის „რეალი“ აღმოჩნდა. „ბლანკოსი“ სხვა კლუბებისგან განსხვავებით, კრიზისს მომზადებული შეხვდა და ცოტა ხნის წინ, ფლორენტინო პერესი და სერხიო რამოსი შეთანხმდნენ, რომ ფეხბურთელების ანაზღაურების შემცირებაზე საუბარი არ იქნებოდა, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „რეალმა“ პოზიცია შეცვალა.

EL Pais-ის ინფორმაციით, „ბლანკოსის“ მოთამაშეების ხელფასების შემცირება გარდაუვალია და დიდი შანსია კლუბში დასაქმებული ადამიანების დასახმარებლად, ფეხბურთელებს ხელფასის ნაწილი უახლოეს მომავალში ჩამოაჭრან.

კლუბის ხელმძღვანელობას ფეხბურთელებთან ჯერ არ უსაუბრია, თუმცა Marca აცხადებს, რომ „რეალის“ მესვეურები მაქსიმუმს აკეთებენ, რათა კორონავირუსის პანდემიამ გუნდზე მინიმალური გავლენა მოახდინოს. ესპანური გამოცემის ცნობით, საუკეთესო ვარიანტში ფეხბურთელებს ხელფასების 10 პროცენტზე მეტის დაკლება არ მოუწევთ, მაგრამ Marca დასძენს, რომ გამორიცხული არაფერია და ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონასგან“ განსხვავებით, „რეალი“ ფინანსურად გაცილებით ხელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფება. „ბლანკოსის“ ვალი 24 მილიონ ფუნტს შეადგენს, „ბარსასი“ კი - 193 მილიონს. გარდა ამისა, „სამეფო კლუბი“ ხელფასებზე შემოსავლის 50 პროცენტზე ნაკლებს ხარჯავს. მაშინ როცა, „ბარსელონაში“ ეს რიცხვი 80 პროცენტს აღწევს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები