Aa
Aa

"რატომაა შენი ცხოვრება მნიშვნელოვანი" - მატამ ვან გაალთან პირველი შეხვედრა გაიხსენა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ესპანელმა ნახევარმცველმა, ხუან მატამ, ლუი ვან გაალთან პირველი შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ პირველი შეხვედრისას ჰოლანდიელმა მასზე საშინელი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.

„ვან გაალთან პირველი შეხვედრა ასეთი იყო: მის კაბინეტში შევედი, სადაც იგი და რაიან გიგზი ისხდნენ. მაგიდაზე სასმელი და 3 ჭიქა ედგათ. ჰოლანდიელმა გამომხედა და მკითხა: „დალევა გინდა“? - მე ვუპასუხე: „არა, არა, მშვენივრად ვარ“.

შემდეგ ასეთი დიალოგი წარიმართა: „მითხარი, ვინ ხარ“, - ჩემი სახელია ხუანი, 26 წლის ვარ და ფეხბურთს ვთამაშობ“, - არა, არა, მითხარი, როგორი კაცი ხარ, გყავს თუ არა ოჯახი და რატომაა შენი ცხოვრება მნიშვნელოვანი“.

ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, შესაძლოა, იფიქროთ, რომ იგი საშინელი ადამიანია, თუმცა თანდათან იმდენად თბილი და ჰუმანური ტიპაჟის შთაბეჭდილება დატოვა, რომ მართლაც შესანიშნავი პიროვნებაა“.

ესპანელმა ფეხბურთელმა გამოცდილი სპეციალისტის უშუალოდ პეოფესიულ და ადამიანურ თვისებებზეც ისაუბრა. მატას თქმით, ვან გაალი ბრწყინვალე ტაქტიკოსი და ადამიანია.

„ტაქტიკური კუთხით, იგი უფრო მეტია ვიდრე საფეხბურთო მენეჯერი. როცა თამაშს განიხილავდა, ძალიან ემოციური გახლდათ. ზოგჯერ კი, მნიშვნელოვან რაღაცებზე საუბრისას ტიროდა. ეს მაშინ ხდებოდა, როცა იგი სწორ საფეხბურთო ფასეულობებს მიაგნებდა.

იგი მართლაც ძალიან ემოციური და, ამასთანავე, კეთილი, გონიერი და მგრძნობიარე ადამიანია. შეიძლება ერთი შეხედვით იფიქროთ, რომ მგრძნობიარე არაა, მაგრამ დამიჯერეთ, ასეა“.

მატა „წითელ ეშმაკთა“ ღირსებას 2014 წლიდან იცავს, ვან გაალი კი გუნდში 2014-16 წლებში მუშაობდა. ჰოლანდიელის მწვრთნელობისას მატა „მანკუნიანელთა“ ძირითადი შემადგენლობის სტაბილური წევრი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები