Aa
Aa

"მნიშვნელოვანია, მათ დავეხმაროთ" - რამოსი UNICEF-ის კამპანიაში ჩაერთო

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, UNICEF-ისთან თანამშრომლობის შესახებ გამოაცხადა და ორგანიზაციის მიერ წამოწყებულ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის კამპანიაში ჩაერთო.

„მე UNICEF-ის ელჩი ვარ და ჩვენ ერთად ვაპირებთ, დავეხმაროთ მათ, ვისაც ამჟამად ეს სჭირდება. ორგანიზაცია პარასკევს ჰოსპიტალებს მოამარაგებს. მნიშვნელოვანია, ასეთ რთულ პერიოდში ადამიანებს დავეხმაროთ“.

33 წლის ფეხბურთელმა, კარანტინის პირობებში, ყოველდღიურ რუტინაზეც ისაუბრა და განაცხადა: „ჩემს შვილს, პატარა სერხიოს, ვცდილობ, ავუხსნა, თუ როგორი სერიოზული ვითარებაა ახლა. თანდათან ბავშვები უფრო მეტს იგებენ იმაზე, რაც მსოფლიოში დღესდღეობით ხდება. სხვა მხრივ, „რეალმა“ თითოეულ ფეხბურთელს გარკვეული სახის ვარჯიშებისა და კვების რეჟიმის სია გადმოგვიგზავნა, რასაც მივყვებით. ამ ეტაპზე, ფეხბურთი მეორე პლანზეა“.

შეგახსენებთ, რომ რამოსი და მისი თანაგუნდელები კარანტინში მას შემდეგ იმყოფებიან, რაც საკალათბურთო კლუბ „რეალის“ ერთ-ერთ მოთამაშეს Covid-19 დაუდგინდა. „ბლანკოსის“ საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდებს საერთო ბაზა აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები