Aa
Aa

უფასო ნომრები მედიკოსებისთვის - იუნაიტედის ლეგენდების სასტუმრო კორონავირუსს ასე ებრძვის

გარი ნევილისა და მისი რამდენიმე ყოფილი თანაგუნდელის სასტუმრო Hotel Football-ი კორონავირუსთან მებრძოლ ექიმებსა და სხვა სამედიცინო პირებს ნომრებს უფასოდ გამოუყოფს.

სპეციალური განცხადება ნევილმა „ტვიტერის“ მეშვეობით გააკეთა და აღნიშნა, რომ 176-ნომრიანი სასტუმრო მედიკოსების მისაღებად მზად პარასკევიდან იქნება.

„ახლა ისეთი პერიოდია, რომ ჩვენმა ინდუსტრიამ სოლიდარობა უნდა გამოხატოს არა მხოლოდ საკუთარი თანამშრომლებისადმი, არამედ იმ ადამიანებისადმი, რომელთაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ჩვენი სასტუმრო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს და აქ დარჩენა უფასოდ შეეძლება სამედიცინო სფეროს ყველა იმ წარმომადგენელს, რომელსაც ოჯახისგან იზოლაცია სურს, რათა გართულებები თავიდან აირიდოს. მათთვის ჩვენი კარი ღიაა“.

სასტუმროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ Hotel Football-ის არც ერთ თანამშრომელს უხელფასო შვებულებაში გასვლა, ანაზღაურების შემცირება ან სამსახურის დაკარგვა არ ემქურება.

Hotel Football-ი, რომელიც 2015 წელს გაიხსნა, მანჩესტერში, „ოლდ ტრაფორდის“ სიახლოვეს მდებარეობს. გარი ნევილთან ერთად მისი თანამფლობელები რაიან გიგზი, პოლ სქოულზი, ნიკი ბატი და გარის ძმა - ფილ ნევილი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები