ბურთი, რომლითაც ვალენსიას 4 გოლი გაუტანა, ილიჩიჩმა ქველმოქმედებას მოახმარა
იოსიპ ილიჩიჩმა „ვალენსიასთან“ შესრულებული პოკერის შემდეგ, მატჩის ბურთი სახლში წაიღო, გუშინ კი ის ქველმოქმედებას მოახმარა.
სლოვენიელმა შემტევმა ბურთი აჩუქა ბერგამოს ერთ-ერთ იმ ჰოსპიტალს, რომელმაც კორონავირუსთან ბრძოლისთვის ფულადი შემოწირულობა ითხოვა. სავარაუდოდ, ბურთს აუქციონზე გაყიდიან და თანხა სპეციალურ ფონდში გადაირიცხება.
ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, ილიჩიჩი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-3 ფეხბურთელია, რომელმაც ტურნირის ფლეი-ოფის ორმატჩიან დუელში 5 ან მეტი გოლი გაიტანა.
სამაგიეროდ, ტურნირის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც ფლეი-ოფის გასვლით შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო.
შეგახსენებთ, რომ ლომბარდიის რეგიონი პანდემიის წითელ ზონადაა გამოცხადებული, ბერგამო კი ამ რეგიონის სიდიდით მე-4 ქალაქია. დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსს 1809 იტალიელის სიცოცხლე ემსხვერპლა.