მუჯირი: ''ერთიანობა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს''
Aa
Aa

მუჯირი: ''ერთიანობა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს''

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ტელეკომპანია ''პირველის'' ეთერში კორონავირუსის გამო არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრა. მუჯირის განცხადებით ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის გადადების საკითხი 17 მარტს გაირკვევა, როცა უეფა ვიდეოკონფერენციას გამართავს.

მუჯირმა აღნიშნა, რომ უდიდესი ალბათობით 26 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ბელარუსიას შორის დაგეგმილი მატჩი გადაიდება.

დავით მუჯირი: ''დიდი მადლობა ქართულ საფეხბურთო ოჯახის ყველა წევრს, რომლებმაც ჩვენი რეკომენდაცია გაითვალისწინეს.

უეფას მიერ 17 მარტს დაგეგმილია ვიდეოკონფერენცია, სადაც განიხილება სანაკრებო და საკლუბო მატჩების გადადების საკითხი. ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც მიიღებს.

ვიდეოკონფერენციისას ასევე განიხილება ევროპის ჩემპიონატის გამართვის საკითხი, რომელიც 12 ივნისს უნდა დაწყებულიყო ევროპის 12 ქვეყანაში.

ქართველებს სოლიდარობა და ერთიანობა გვჭირდება ისე, როგორც არასდროს. სამწუხაროდ, აქცენტი მხოლოდ ერთა ლიგის ნახევარფინალზე კეთდებოდა, დაესწრებოდა თუ არა მატჩს გულშემატკივარი, მაგრამ ლეგიონერებზე არ საუბრობდნენ, ეროვნული ნაკრების ბევრი მოთამაშე ისეთ ქვეყანაშია, სადაც დაინფიცირების მაღალი რისკია. ეროვნული ნაკრების ყველა ფეხბურთელთან კომუნიკაცია გვაქვს. მათი მდგომარეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

პირველივე დღიდან როცა უეფასთან გვქონდა კომუნიკაცია და ვითარება გართულდა, ვერ წარმოგვედგინა როგორ უნდა გამართულიყო ეს მატჩი, როცა ფეხბურთელთა გადაადგილება უკვე ძალიან საშიში იყო.

დიდი მადლობა ქართულ საფეხბურთო სამყაროს, რომლის თითოეულმა წევრმა ერთსულოვნება გამოავლინა.

ვფიქრობ სერია ა-ს ორგანიზატორებს პრევენციული ნაბიჯები უფრო ადრე უნდა გადაედგათ. მათ კომპეტეციაში არ ვერევი, თუმცა ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო დროულად უნდა ემოქმედათ. დღეს ''ფიორენტინას'' კიდევ ორი ფეხბურთელი დაინფიცირდა. ამ პრობლემას ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ.

გუშინ ყველა საფეხბურთო კლუბსა და ყველა რეგიონალურ ფედერაციას მივმართეთ, რომ ერთი კვირით სავარჯიშო პროცესი შეჩერებულიყო. დაველოდებით მიმდინარე მოვლენებს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას როდის განახლდება საქართველოს ჩემპიონატი.''

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები