Aa
Aa

„მეფე დაბრუნდა!" - ფიურიმ უაილდერი დაამარცხა!

„მეფე დაბრუნდა“, - თქვა ფიურიმ ბრძოლის შემდეგ, რომელიც ლას ვეგასში MGM Grand Arena-ზე შედგა. მძიმე წონითი კატეგორია, WBC-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის დაპირისპირება 31 წლის ბრიტანელ ტაისონ ფიურისა და 34 წლის ამერიკელ დეონტე უაილდერს შორის შედგა, რომელიც Gypsy King-ის გამარჯვებით დასრულდა.

7 რაუნდი და ფიურის სრული უპირატესობა. მან უაილდერს შანსი არ დაუტოვა და როდესაც მეშვიდე რაუნდი მიმდინარეობდა უაილდერის სამწვრთნელო შტაბმა თეთრი პირსახოცი გადმოაგდო, რაც დანებებას ნიშნავს, ეს კი ტექნიკური ნოკაუტია.

პროგნოზები არ გამართლდა. უმრავლესობა ფავორიტად უაილდერს მიიჩნევდა და წინა ბრძოლის მსგავსად ამ შემთხვევაშიც 12 რაუნდიან დაპირისპირებას ელოდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ მე-3 რაუნდიდან მოყოლებული ფიური სოლიდურ უირატესობას ფლობდა და ბრძოლის შედეგი ნელ-ნელა პროგნოზირებადი ხდებოდა. სწორედ მესამე რაუნდში მან უაილდერს 14 დარტყმა გაუკეთა, რაც მათი ორი ბრძოლის მანძილზე ერთ რაუნდში განხორციელებული ყველაზე მეტი დარტყმა გახლდათ.

მე-3 და მე-5 რაუნდებში ფიურიმ უაილდერი ნოკდაუნში ჩააგდო. მეხუთე რაუნდში ბრიტანელმა ამერიკელს 33-ჯერ დაარტყა.

საბოლოო ჯამში ფიურიმ უაილდერს 160 დარტყმა განუხორციელა, მან კი საპასუხოდ მხოლოდ 55. 

მართალია დეონტე პროტესტს გამოთქვამდა, თუმცა მისი სახე სხვა რამეზე მეტყველებდა. ბრძოლა, რომ ცოტა ხნით კიდევ გაგრძელებულიყო ფიური მას დიდი ალბათობით დააგდებდა. ბრძოლის შემდეგ დეონტეი სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებას დაეთანხმა და განაცხადა, რომ ისინი სწორად მოიქცნენ.

ამრიგად, კრივში წლის მთავარი მოვლენა ფიურის გამარჯვებით დასრულდა და ახლა ყველას აინტერესებს, ვინ იქნება შემდეგი? გვექნება ტრილოგია? თუ, ჯოშუასთან ბრძოლას ვიხილავთ?

P.S. აი რას ამბობდა ფიური ბრძოლის წინა პრესკონფერენციაზე: "დეონტეი კარგი მსახიობია და მშვენივრად თამაშობს, მაგრამ გულის სიღრმეში ჩემი ეშინია. ის ახლაც ნერვიულობს და წარმოდგენა არ აქვს წინ რა ელოდება. მე მას აუცილებლად დავანოკაუტებ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები