ბერნარდუ სილვა ''ბარსაში''? - კატალონიური კლუბი წინადადებას ამზადებს
Aa
Aa

ბერნარდუ სილვა ''ბარსაში''? - კატალონიური კლუბი წინადადებას ამზადებს

კატალონიის ''ბარსელონა'' პეპ გუარდიოლას საყვარელი ფეხბურთელის, ბერნარდუ სილვას გადაბირებით დაინტერესებულია. ჟურნალისტ დანკან კასტლის ცნობით ესპანური კლუბი პორტუგალიელი ნახევარმცველის თაობაზე მანჩესტერულ მხარეს ოფიციალური წინადადებით მიმართავს, კატალონიაში წინადადებას ამზადებენ.''ბარსას'' მმართველები 25 წლის კრეატიული მოთამაშის შეძენას 2020 წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გეგმავენ.

მას შემდეგ რაც უეფამ ''მანჩესტერ სიტის'' ევროტურნირებზე თამაში ორი წლით აუკრძალა, ევროპულ მედიაში ''მან. სიტის'' ფეხბურთელთა შესაძლო ტრანსფერებზე ცნობები რეგულარულად ვრცელდება, თუმცა ''ქალაქელებმა'' სასჯელი ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში უკვე გაასაჩივრეს და შესაძლოა შემდეგ სეზონში პეპ გუარდიოლას გუნდმა კვლავ ითამაშოს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე.

როგორც ჟურნალისტი დანკან კასტლი სატრანსფერო  პოდკასტში აღნიშნავს, ''მანჩესტერ სიტის'' ბერნარდუ სილვას გაყიდვა არ სურს, თუმცა თუ სანქცია არ გაუქმდება, გუნდის ლიდერთა შენარჩუნება ძალიან გართულდება. სანქციის გაუქმების შემთხვევაში ბერნარდუ სილვას ესპანურ გრანდში ტრანსფერი თითქმის გამორიცხულია, ასეთ შემთხვევაში გარიგების ალბათობა მცირდება, რადგან  ბერნარდუ სილვა გუარდიოლას საყვარელი მოთამაშეა და გუნდის სათამაშო ტაქტიკაში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

ესპანური მედიის ცნობით ''მანჩესტერ სიტის'' კიდევ ერთი შემტევით, რაჰიმ სტერლინგით მადრიდის ''რეალი'' დაინტერესდა, მაგრამ ამ ეტაპზე, როცა სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე რამდენიმე თვე რჩება და გასაჩივრების შემდეგ უეფასგან პასუხი მიღებული არაა, რთულია განვსაზღვროთ თუ რამდენად რეალურია სტერლინგი ზაფხულში ''სანტიაგო ბერნაბეუზე'' ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები