ტალახაძე:
Aa
Aa

ტალახაძე: "ვეცდები, მოსკოვში ჩვენი ჰიმნი ავაჟღერო, ეს ყველას მიმართ პასუხი იქნება"

ლაშა ტალახაძე "საქართველოს პირველ არხს" ესაუბრა და ბოლოდროინდელი პოლიტიკური შეფასებების ფონზე, განაცხადა, რომ მოსკოვში ჩვენი ქვეყნის ჰიმნის აჟღერებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ასევე აღნიშნა, რომ ჩვენი მორაგბეები პატივისცემას იმსახურებენ და მათ სამომავლო წარმატებებში ეჭვი არ ეპარება. 

„სპორტსმენები პოლიტიკისგან ძალიან შორს ვართ. ჩვენი მთავარი მიზანი გამარჯვებაა და ვიბრძვით, რომ ჩვენს ქვეყანას წარმატებითა და გამარჯვებით სახელი გავუთქვათ. ჩემი აზრით, სპორტი საქართველოში ძალიან მაღალ დონეზეა და ყველას მინდა ვუთხრა, რომ თითოეული ჩვენგანი იბრძვის მხოლოდ გამარჯვებისთვის. გვსურს, რომ საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ გავიტანოთ. ვიმარჯვებთ, რათა ჩვენი ქვეყნის ჰიმნი მსოფლიოს ყველა წერტილში აჟღერდეს.

მინდა, წარმატებები ვუსურვო ქართველ მორაგბეებს, რომელთაც თამაში აქვთ ბელგიასთან და შემდეგ რუსეთის ნაკრებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გაიმარჯვებენ.

ასევე, წელს ძალოსნობის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი გვაქვს მოსკოვში. შევეცდები, რომ საქართველოს ჰიმნი რუსეთის დედაქალაქში ავაჟღერო და ალბათ, ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი პასუხი ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენს პატრიოტიზმში. წარმატებები ქართველ მორაგბეებს. აუცილებლად გავიმარჯვებთ“. - განუცხადა ტალახაძემ "საქართველოს პირველ არხს".

მოსკოვში გასამართი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე თვე რჩება - გათამაშება 2-დან 12 აპრილის ჩათვლით ჩატარდება.

ცხელი ამბები