ორი ქართველი 1/2 ფინალში! - რომში მედლებისთვის ბრძოლა გრძელდება
Aa
Aa

ორი ქართველი 1/2 ფინალში! - რომში მედლებისთვის ბრძოლა გრძელდება

რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, 1/2 ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ორმა ქართველმა, მირზა სხულუხიამ და ელიზბარ ოდიკაძემ, მოიპოვა.

70 კგ. წონით კატეგორიაში სხულუხიამ პირველ რაუნდში ლიეტუველ მეტოქეს იოლად მოუგო, რასაც 1/4 ფინალში იტალიელ ტალამოსთან მიღწეული ასევე დამაჯერებელი გამარჯვება მოჰყვა. მირზა ნახევარფინალში პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევს შეხვდება.

 

97 კგ. წონით კატეგორიაში წარმატებული გამოსვლა აქვს ელიზბარ ოდიკაძეს, რომელსაც პირველ მატჩში სომეხ სარგის ჰოვსეპიანთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია, თუმცა 1/4 ფინალში ბელარუს ძიანის ხრამიანკუსთან უმძიმესი შეხვედრის გადატანა მოუწია.

ელიზბარი თავიდან დაწინაურდა, მაგრამ მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო და დრამატული ბოლო წუთების ჯერი დადგა. ქართველმა გდება შეასრულა და საბოლოოდ მისი გამარჯვება ჩელენჯის გამოყენების შემდეგ დაადასტურეს.

 

ოდიკაძე ნახევარფინალში სუპერტიტულოვან რუს აბდულრაშიდ სადულაევს დაუპირისპირდება, რომელიც ბოლო წლებში ამ წონით კატეგორიაში უცვლელი დომინანტია. 

დღესვე რომის ხალიჩაზე ვიხილეთ ოთარ გოგავა, ნიკა კენჭაძე და ლადო ხინჩეგაშვილი. სამივე მათგანმა ადრეულ ეტაპზე წააგო. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ხინჩეგაშვილმა აზერბაიჯანელი ალი რაჰიმზადეჰის წინააღმდეგობა ვერ გადალახა.

ცხელი ამბები