ანრი: ''მშობლიურ გუნდს პატივს ვცემ და არ ვიტყვი, რასაც ვფიქრობ''
Aa
Aa

ანრი: ''მშობლიურ გუნდს პატივს ვცემ და არ ვიტყვი, რასაც ვფიქრობ''

''მონაკოს'' ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული ტიერი ანრი გასული წლის ნოემბერში ''მონრეალის'' მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. Sportsmail-თან ინტერვიუში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი აღნიშნავს:''არც კი ვიცი ქალაქში მიცნობენ თუ არა, სახლიდან არც გავსულვარ, გარეთ ჰაერის ტემპერატურა მინუს 20 გრადუსია.''

ამჟამად ანრის გუნდი ახალი სეზონის მოსამზადებელ ეტაპს მზიან, მაგრამ ქარიან ორლანდოში გადის.

ანრი ''მონაკოს'' გაწვრთნის პერიოდს იხსენებს:''ეს წარსულია, ბევრი რამ მოხდა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ამ თემებზე კონკრეტულად არ ვისაუბრებ, რადგან ''მონაკოს'' პატივს ვცემ, როგორც ჩემს მშობლიურ კლუბს. ახლა აქ ვარ და პროგრესი მსურს.''

ჟურნალისტის კითხვა გარი ნევილთან პარალელის გავლებასაც გულისხმობდა. როცა გარი ნევილი მცირე ხნით ''ვალენსიას'' მწვრთნელი გახდა, სატელევიზიო საქმეს ჩამოშორდა, თუმცა შემდეგ კვლავ ტელევიზიას დაუბრუნდა. ანალოგიურად ხომ არ მოხდება ანრის შემთხვევაშიც? ფრანგის პასუხი ასეთია:''ასე არ მოხდება, ჩემი მიზნები მაძლიერებს. ფეხბურთელობისას რამდენი გოლი ვერ შევაგდე? უამრავი. უნდა ადგე, წარსულისგან ისწავლო და ბრძოლა გააგრძელო.

რა არის წარმატება? მე მყავდა მწვრთნელები, რომლებმაც ვერაფერი მოიგეს, მაგრამ მე უკეთეს ფეხბურთელად მაქციეს. ეს არის წარმატება. არ იფიქროთ, რომ წინასწარ ვიხდი ბოდიშს, რომ შესაძლოა ჩემი ''მონრეალში'' მუშაობა წარუმატებელი გამოვიდეს. ამის გამო არ ვსაუბრობ ასე, მაგრამ ყველა ხომ ვერ შეძლებს გამარჯვებას.

როგორც ფეხბურთელობისას იყო, ასევეა მწვრთნელობისას, ჩემი სურვილი გამარჯვებების მოპოვებაა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშეების უკეთეს ფეხბურთელებად ან უკეთეს პიროვნებებად ჩამოყალიბებაა. ეს არის წარმატება.

თუ გუნდში ახალ ფეხბურთელებს მომიყვანენ, უარს არ ვიტყვი, მაგრამ თუ არ მომიყვანენ, ვიმუშავებ მათთან, ვინც გუნდშია. გავიმარჯვებ ან დავმარცხდები.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები