Aa
Aa

ფანებმა ფანი ჩაუშვეს და "სიტიმ" იგი თამაშებიდან სამუდამოდ მოკვეთა

მანჩესტერის სასამართლომ „სიტის“ ერთ-ერთი გულშემატკივარი, რასიზმის გამო, 5-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. მიზეზი „ბორნმუთთან“ 2018 წლის დეკემბერში გამართული მატჩისას მომხდარი ფაქტია.

სტერლინგმა გოლი გაიტანა, რომლის აღნიშვნისასაც „ქალაქელთა“ ფანმა, იან ბალდრიმ ფეხბურთელი რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყო. ეს ყველაფერი თავად მოთამაშეს არ გაუგია, თუმცა პოლიციას ინფორმაცია ბალდრის გარშემო მყოფმა გულშემატკივრებმა მიაწოდეს, რასაც გამოძიების დაწყება მოჰყვა.

გუშინ გამოტანილი განაჩენის მიხედვით, 58 წლის ბალდრის მომდევნო 5 წლის განმავლობაში ინგლისის მასშტაბით გასამართ საფეხბურთო მატჩზე დასწრება ეკრძალება. ასევე 200 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის შესრულება მოუწევს.

ისიც საგულისხმოა, რომ ამავე მატჩისას კიდევ ერთმა გულშემატკივარმა, ჯეიმს მაკკონელიმ სტადიონის სტიუარდსა და „ბორნმუთის“ მოთამაშე ტაირონ მინგსს ასევე რასისტული კუთხით შეურაცხყოფა მიაყენა. „სიტიმ“ კი მასსა და ბალდრის საშინაო მატჩებზე დასწრება სამუდამოდ აუკრძალა, რის შესახებაც სპეციალურად გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

„ჩვენს კლუბს დისკრიმინაციული მიდგომების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა აქვს და ამ ადამიანებს „სიტისგან“ სამუდამო დისკვალიფიკაცია დაეკისრათ. მადლობას ვუხდით იმ ფანებს, რომლებმაც პოლიციას ორივე ინციდენტის შესახებ აცნობეს და გამოძიებასთან ითანამშრომლეს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები