Aa
Aa

სანჩომ ბუნდესლიგის 51-წლიანი რეკორდი გააუმჯობესა

„ლაიფციგთან“ გატანილი გოლით, ჯეიდონ სანჩომ ბუნდესლიგის 51-წლიანი რეკორდი დაამყარა. მისმა „დორტმუნდმა“ კი 6-გოლიან თრილერში ფრედ ითამაშა და ლიდერ იმავე „ლაიფციგთან“ სხვაობა ვერ შეამცირა.

სანჩომ 55-ე წუთზე ბორუსიელები 3:2 დააწინაურა, რითაც გერმანიის უმაღლეს ლიგაში 22-ე გოლი შეაგდო. 1968 წლის შემდეგ იგი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგაში 22 შედეგიანი დარტყმა მოაგროვა.

თინეიჯერმა ინგლისელმა, რომელიც თამაშის მომენტში 19 წლისა და 267 დღის გახლდათ, ჰორსტ კიოპელსის რეკორდი გააუმჯობესა. როცა ჩემპიონატში 22 გოლი მოაგროვა, კიოპელსი სანჩოზე 2 დღით უმცროსი იყო.

დორტმუნდელთა შემტევმა ბუნდესლიგის სადებიუტო სეზონში 1 გოლი გაიტანა, წინა წელს თავი 12-ჯერ გამოიჩინა, მიმდინარე გათამაშებაში კი უკვე 9 გოლი აქვს.

გუშინდელ მატჩს „ყვითლები“ ვაიგლისა და ბრანდტის გოლებით, 2:0-ს იგებდნენ, ტიმო ვერნერმა დუბლით ანგარიში გაათანაბრა, სანჩოს გოლი კი თამაშის ბოლოს პატრიკ შიკმა გაქვითა.

„ლაიფციგი“ 34 ქულით, სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე რჩება, „გლადბახი“ მას 3 ქულით ჩამორჩება, დორტმუნდელები კი 30 ქულით მე-3 ადგილზე არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები