NBA - ბითაძის გუნდის მორიგი გამარჯვება, იოკიჩის Game Winner და „ლეიკერსის“ სენსაციური მარცხი
Aa
Aa

NBA - ბითაძის გუნდის მორიგი გამარჯვება, იოკიჩის Game Winner და „ლეიკერსის“ სენსაციური მარცხი

ორლანდო - ინდიანა 102 – 109

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. სეზონის სტარტზე ზედიზედ წაგებული სამი შეხვედრის შემდეგ მაკმილანის კოლექტივმა 7 მატჩიდან მხოლოდ ერთი დათმო.

გოგას გუნდმა ამჯერად „ორლანდო მეჯიქს“ სძლია და მეტოქე მისსავე სტადიონზე დაამარცხა. როგორც მოგეხსენებათ ბითაძეს ტვინის შერყევა აქვს და „ინდიანას“ ვერ ეხმარება.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, აღმოსავლეთ კონფერენციის წარმომადგენლების ჯახი საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მატჩის პირველ ტაიმში ინიციატივას ფლორიდელები ფლობდნენ და დიდ შესვენებაზე 9 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ. „პეისერსმა“ თამაშში გარდატეხა მესამე მეოთხედში შეიტანა, რომელიც 13 ქულით მოიგო და უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა.

„ინდიანას“ რიგებში საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც 21 ქულასთან და 16 მოხსნასთან ერთად 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ტი ჯეი უორენი და მალკოლმ ბროგდონი 19-19 ქულას დასჯერდნენ, ხოლო სათადარიგო სკამიდან შესულმა დაგ მაკდერმოტმა აქტივში 18 ქულა ჩაიწერა.

„ორლანდოს“ 22 ქულით ევან ფურნიემ ულიდერა. ნიკოლა ვუჩევიჩმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 18 ქულა, 17 მოხსნა. აარონ გორდონმა კი 13 ქულა ჩააგდო.

მინესოტა - დენვერი 98 – 100

ნიკოლა იოკიჩის „დენვერ ნაგეთსი“ ნელ-ნელა ფორმაში შედის. კოლორადოელებმა „მინესოტა ტიმბერვულვზიც“ დაამარცხეს და მიჯრით მეოთხე გამარჯვება გაიფორმეს.

მატჩი თანამედროვე NBA-სთვის უჩვეულოდ დაბალშედეგიანი გამოდგა. ძირითადი დრო  90-90 დასრულდა, ოვერტაიმის შემდეგ კი ტაბლოზე 100-98 დაფიქსირდა.

„დენვერის“ წარმატების მთავარი შემოქმედი სწორედ ზემოთ ხსენებული სერბი ცენტრი გახლდათ. იოკიჩი 20 ქულით თავის გუნდში საუკეთესო იყო და საფინალო სირენამდე 2.4 წამით ადრე გადამწყვეტი ორქულიანიც ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ „დენვერთან“ მატჩში „მინესოტამ“ 39 სამქულიანი გააცუდა. ამაზე უარესი შედეგი NBA-ში მხოლოდ ორჯერ დაფიქსირდა.

ლეიკერსი - ტორონტო 104 – 113

დღევანდელი სათამაშო დღე „ლეიკერსისა“ და „ტორონტოს“ მატჩით დაიხურა, რომელიც ყველასთვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ლოს-ანჯელესელები აშკარა ფავორიტები იყვნენ, თუმცა მოქმედმა ჩემპიონმა მტკიცე ხასიათი გამოავლინა და 9 ქულით იმარჯვა.

„ტორონტოს“ მხრიდან 24 ქულითა და 11 მოხსნით პასკალ სიაკამი გამოირჩა. ფრედ ვენვლიტმა 23 ქულასთან ერთად აქტივში 10 პასი და 7 მოხსნა ჩაიწერა. ნორმან პაუელი 14 ქულას დასჯერდა, ხოლო მარკ გასოლმა სულ რაღაც ორი ქული დააგროვა.

„ლეიკერსის“ მხრიდან 27 ქულით საუკეთესო ენტონი დევისი გახლდათ. ლებრონ ჯეიმსმა სამმაგი დუბლი გაიფორმა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ 13 ქულა, 13 მოხსნა და 15 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სათადარიგოთა სკამიდან შესულმა კაილ კუზმამ კი გუნდს 15 ქულა შესძინა.

სხვა მატჩების შედეგები

ფილადელფია - შარლოტი 114 – 106


ოკლაჰომა - მილუოკი 119 – 121

ნიუ იორკი - კლივლენდი 87 – 108

ფინიქსი - ბრუკლინი 138 – 112

პორტლენდი - ატლანტა 124 – 113

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები