ბრძოლა, რომელშიც ფლოიდ მეივეზერი მარცხთან ძალიან ახლოს იყო
Aa
Aa

ბრძოლა, რომელშიც ფლოიდ მეივეზერი მარცხთან ძალიან ახლოს იყო

2002 წლის 20 აპრილს ფლოიდ მეივეზერმა ბეწვის ხიდზე გაიარა. „მანიმ“ კარიერა 50 მოგებითა და 0 მარცხით დაასრულა, მაგრამ გულშემატკივრები და კრივის ექსპერტთა უმრავლესობა დღემდე თვლის, რომ 2002 წლის 20 აპრილს ფლოიდმა ხოსე ლუის კასტილიოსთან დაუმსახურებლად მოიგო.

მაშინ მექსიკელი მეივეზერზე მძიმე იყო და ფორმის პიკში გახლდათ, მაგრამ საწყისი რაუნდები არც თუ ისე კარგად ჩაატარა და "მანისთვის" მტკივნეული დარტყმები არ მიუყენებია. ორთაბრძოლის შუაწელს, მას შემდეგ, რაც ფლოიდმა მარცხენა ხელი დაიზიანა, კასტილიომ უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეზე წნეხი გააძლიერა. მექსიკელს ზეწოლა არც შერკინების დასკვნით რაუნდებში შეუმცირებია და მეივეზერთან ჯახი ხმამაღალ ნოტაზე დაასრულა.

საფინალო გონგის შემდეგ ტელევიზიისთვის მომუშავე საკმაოდ გავლენიანმა რეფერიმ, ჰაროლდ ლედერმენმა გამარჯვება კასტილიოს მიანიჭა - 115 – 111. სტატისტიკის მიხედვით კი მექსიკელმა ჯამში უფრო მეტი დარტყმა და უფრო მეტი ძლიერი დარტყმა განახორციელა. ერთადერთი, რაშიც მეივეზერს უპირატესობა ჰქონდა Jab იყო.

 

კასტილიოს წარმატებული ასპარეზობის მიუხედავად, მსაჯებმა გამარჯვებულად მეივეზერი გამოაცხადეს - 116 – 111, 115 – 111, 115 – 111. შეხვედრის შემდეგ მექსიკელმა არბიტრთა გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და განაცხადა: „მსაჯები მიკერძოებულები იყვნენ. მათ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ფლოიდმა ჩემი დარტყმები იგრძნო. მეივეზერი ფეხზე იდგა და ცდილობდა ჩემთვის ეპასუხა, მაგრამ ძალიან ძლიერ დარტყმებს ვახორციელებდი და არაფერი გამოუვიდა“.

აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე თვის შემდეგ მეივეზერი და კასტილიო რინგზე ერთმანეთის წინააღმდეგ კიდევ გავიდნენ და მაშინ „მანის“ კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია. უცნაურია მაგრამ მეორე შერკინებაში მსაჯებმა ასეთი ანგარიში დააფიქსირეს - 115 - 113, 115 – 113, 116 – 112, არადა ფლოიდი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა...

ცხელი ამბები