Aa
Aa

ტოჩინოშინის პირველი მეტოქე ცნობილია - ოძეკობის დასაბრუნებლად ბრძოლა იწყება

10 ნოემბერს ფუკუოკაში წლის დასკვნითი სუპერტურნირი, „კიუშუ ბაშო“ დაიწყება. რამდენიმე საათის წინ იაპონიის სუმოს ასოციაციამ საწყისი ორი დღის განრიგი გამოაქვეყნა და ლევან გორგაძის მეტოქეთა ვინაობაც ცნობილი გახდა.

ტურნირის პირველ ბრძოლაში სეკივაკეს რანგში მოასპარეზე ტოჩინოშინი მეორე მაეგაშირა მეისეის გაეჯიბრება. ამ უკანასკნელს ლევანი ერთადერთხელ, „ნაცუ ბაშოზე“ შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

მეორე დღეს გორგაძე ასევე მეორე მაეგაშირას, მიოგირიუს შეერკინება. იაპონელ სეკიტორს ტოჩინოშინი კარგად იცნობს და მის წინააღმდეგ დოჰიოზე 22-ჯერაა გასული. ქართველმა გოლიათმა წარმატებას 12-ჯერ მიაღწია, მიოგირიუმ კი 10-ჯერ იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი ბრძოლა, „ჰაცუ“, „ჰარუ“ და „აკი“ ბაშოზე მიოგირიუს გამარჯვებით დასრულდა.

წლის დასკვნით სუპერტურნირზე ლევანს ოძეკის წოდების დაბრუნების შანსი აქვს. მიზნის მისაღწევად ტრავმებით გაწამებულმა ქართველმა 10 ბრძოლა უნდა მოიგოს. თუ ტოჩინოშინმა მიზანს მიაღწია, იგი სუმოს ისტორიაში მეორე რიკიში გახდება, ვინც ოძეკის წოდება ორჯერ დაიბრუნა.

ცხელი ამბები