ბერბატოვი:''რა ჯანდაბა გინდათ? მინდა ბეილი ''ოლდ ტრაფორდზე'' ვიხილო''
Aa
Aa

ბერბატოვი:''რა ჯანდაბა გინდათ? მინდა ბეილი ''ოლდ ტრაფორდზე'' ვიხილო''

ლეგენდარული ბულგარელი ფეხბურთელი დიმიტარ ბერბატოვი Goal.com-ს ყოფილი თანაგუნდელის, გარეტ ბეილის შესახებ ესაუბრა.

ლა ლიგის საწყის 7 ტურში გატანილი 2 გოლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში ''სამეფო კლუბის'' მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა უელსელი განაცხადს მიღმა დატოვა. ესპანური ფეხბურთის ცნობილი მიმომხილველის, გილემ ბალაგის თქმით ფორვარდი გუნდიდან წასვლაზე ფიქრობს.

ბერბატოვი:''ეს რთული ვითარებაა, თუმცა ბეილი ხომ ახლახანს დაბრუნდა, ვფიქრობ მათ უნდა მოახერხონ გამოსავლის პოვნა.  მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანსა და თავად ფეხბურთელს ''რეალისთვის'' კარგი სურთ და გამოსავლის პოვნა შესაძლებელია.

ბეილმა ბევრი გოლი გაიტანა, თუმცა მას პატივს არ სცემდნენ, ეს უცნაურია. ზოგჯერ მადრიდში რონალდუს უსტვენდნენ. ამას ვუყურებდი და ვფიქრობდი: ''რა ჯანდაბა გინდათ? კარგით რა...''

როცა შენი სატრანსფერო ფასი 100 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, ფიქრობენ, რომ საკუთარი საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმომდე დრიბლინგით უნდა მიხვიდე და შეაგდო. ეს დამოკიდებულება ქომაგთა გონებაში ფეხბურთელის მიმართ უარყოფით აზრებს აჩენს.  ფეხბურთელები ადამიანები არიან, ასეთი დამოკიდებულება ქმნის ვითარებას, როცა ქომაგები ფეხბურთელთა თამაშში ნეგატიურ  მომენტებს ხედავენ.

თუ ბეილს რეგულარულად თამაში არ მოუწევს, მას ახალი გუნდი სჭირდება. მსურს ბეილი ''მანჩესტერ იუნაიტედში'' ვიხილო თუ ''რეალში'' არ სჭირდებათ. ეს ტრანსფერი ბეილისთვის კარგი იქნება.''

2007-08 წლებში ბერბატოვი და ბეილი ''ტოტენჰემში'' თანაგუნდელები იყვნენ.აღნიშნულ სეზონში ''დეზებმა'' ინგლისის ლიგის თასი მოიგეს.

ლეგენდარული ბულგარელი ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში უეფას ა ლიცენზიას აიღებს, ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილი თავდამსხმელი სამწვრთნელო კარიერისთვის ემზადება.

ბერბატოვმა კაი ჰავერცის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით ლევერკუზენის ''ბაიერის'' 20 წლის ნახევარმცველი განსაკუთრებული ფეხბურთელია:''მისი თამაში რამდენჯერმე ვნახე. მე მაქვს დიდი ყურები და კარგად ვიცი ვინ ვის ესაუბრება. მას ბევრი სკაუტი აკვირდება. მას სჭირდება განვითარება, რომ უფრო მაღალი დონის მოთამაშე გახდეს.

ჰავერცი დიდი ტალანტია - უმაღლესი დონის ტექნიკა, შესანიშნავი პასი და გოლის გატანის უნარი, თუმცა თუ კარიერას ინგლისში გააგრძელებს ფიზიკურად უფრო ძლიერი მოთამაშე უნდა გახდეს.''

მსგავსი სიახლეები