Aa
Aa

"გრიზმანი ამისთვის არ შეუძენიათ“ - "ბარსას" ახალი პრობლემა

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური „ბარსელონასთვის“ საკმაოდ რთული, მაგრამ იღბლიანი გამოდგა. ვალვერდეს გუნდმა საშინლად ითამაშა, მაგრამ ტერ შტეგენის წყალობით „სიგნალ იდუნა პარკიდან“ 1 ქულა წამოიღო, რომელსაც ალბათ მხოლოდ გერმანელი გოლკიპერი იმსახურებდა.

ესპანურ პრესაში კატალონიელთა გამოსვლას აქტიურად გამოეხმაურნენ და აქცენტი ძირითადად ანტუან გრიზმანზე გაკეთდა, რომელსაც ვალვერდე ძალიან არასწორდ და არაეფექტურად იყენებს.

დაადგება თუ არა გრიზმანი კოუტინიოს გზას? ეს კითხვა ნელ-ნელა აქტუალური ხდება.

ვინც ფეხბურთში ოდნავ მაინც ერკვევა შეამჩნევდა, რომ ფრანგი შემტევი „დორტმუნდის“ წინააღმდეგ ძირითადად მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა, სადაც ის თავის შესაძლებლობებს პრაქტიკულად ვერ ავლენს.

„გრიზმანი ამისთვის არ შეუძენიათ“ - წერს მადრიდული Marca.

ვალვერდემ ეს უკვე მეორედ გააკეთა - მან გრიზმანი მარცხენა ფლანგზე გამოიყენა და ორივე შემთხვევაში ფრანგი დაიკარგა.

გრიზმანს ამ პოზიციაზე 2013 წლის შემდეგ აღარ უთამაშია. ეს ბოლოს მისი „სოსიედადში“ ასპარეზობის დროს მოხდა.

იმ დროს, როდესაც მესი ფორმაში არ იმყოფება და მიმდინარე სეზონში ის მოედანზე პირველად გამოჩნდა, როდესაც ლუის სუარესი ტრავმის შემდეგ მეორე მატჩს ატარებს და ჩემპიონთა ლიგის გასვლით შეხვედრებში უკვე წლებია გოლის გატანას ვერ ახერხებს - ასეთ დროს კი მწვრთნელი ერთადერთ ჯანმრთელ და ფორმაში მყოფ ექსტრა კლასის შემტევს ათამაშებს მისთვის ყველაზე ცუდ პოზიციაზე...

გრიზმანს ნეიმარის პოზიციის ათვისება მოუწევს, რაც ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ მოხდება და ვერ მოხდება.

ვალვერდე, რომ 4-2-3-1 სქემას არ გამოიყენებს, ეს მისი პრაგმატული სტილის გათვალისწინებით ყველამ იცის. ერთადერთი გამოსავალი არის სუარესის პოზიციაზე გრიზმანის გამოყენება და „ელ პისტოლეროს“ მარცხენა ფლანგზე გადაწევა, ან საერთოდაც თადარიგში დატოვება.

მარცხენა ფლანგს მუდმივად ალბა აკონტროლებს და ასეთ სიტუაციაში სუარესს ცენტრისკენ შეწევის მეტი საშუალება ექნება. თუ, ურუგვაელი ვერ ითამაშებს, ამ შემთხვევაში ვალვერდეს დემბელეს, ან ანსუ ფატის გამოყენება შეეძლება.

მოკლედ, „ბარსა“ რთულ ვითარებაშია და სეზონის სტარტი საკმაოდ მძიმე გამოსდის. გუნდი თავის ფეხბურთს მხოლოდ „კამპ ნოუზე“ აჩვენებს და გასვლით შეხვედრებში ძალიან უსუსურად გამოიყურება.

თუ, ვალვერდე სიტუაციას ვერ დაარეგულირებს, ამის გაკეთება კვლავინდებურად მესის მოუწევს, მაგრამ როდემდე უნდა იყოს „ბარსა“ ერთი კაცის გუნდი და მერამდენე ხმაურიანი ტრანსფერი უნდა ჩაუვარდეთ კატალონიელებს?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები