Aa Aa
9 სექტემბერი 2019  |  09:43

ლეკლერის მორიგი ტრიუმფი! "ფერარის" პილოტმა იტალიაში იმარჯვა

ფორმულა ერთის იტალიის გრან-პრი შარლ ლეკლერის ტრიუმფით დასრულდა. 21 წლის მონაკოელმა ზედიზედ მეორე რბოლა მოიგო და 2010 წლის შემდეგ „ფერარის“ პირველი პილოტი გახდა, რომელმაც იტალიის გრან-პრიზე იმარჯვა.

ლეკლერმა შესანიშნავად იასპარეზა და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონს, ლუის ჰემილტონს არაფერი დაუთმო. ერთ მომენტში მათ შორის მცირე კონტაქტი იყო, რამაც ბრიტანელი პილოტი გაანაწყენა. „მერსედესის“ სუპერვარსკლავმა რბოლის შემდეგ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ამ საკითხს ლეკლერთან აუცილებლად განიხილავდა.

მონაკოელ პილოტთან ერთად პოდიუმზე ვალტერი ბოტასი და ლუის ჰემილტონი წარსდგნენ. მეოთხე ადგილზე დანიელ რიკიარდო გავიდა. ფინიშის ხაზი მეხუთემ ნიკო ჰულკენბერგმა გადაკვეთა. ლეკლერის თანაგუნდელმა, სებასტიან ფეტელმა კი საშინლად იასპარეზა და მე-13 ადგილს დასჯერდა.

იტალიის გრან პრის შემდეგ საერთო ჩათვლას 284 ქულით ლუის ჰემილტონი ლიდერობს. მას 221 ქულით ვალტერი ბოტასი მოსდევს. მაქს ფერსტაპენის ანგარიშზე 185 ქულაა, შარლ ლეკლერს კი ჯერჯერობით 182 ქულა აქვს დაგროვებული. რაც შეეხება კონსტრუქტორთა დავას, აქ „მერსედესი“ 505 ქულით პირველობას არავის უთმობს. მეორე ადგილზე მყოფ „ფერარის“ 351 ქულა აქვს, ხოლო მესამე პოზიციას 266 ქულით „რედ ბული“ იკავებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები