Aa
Aa

ვან დეიკი: "სუპერ თასის მოგება გუნდის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო"

„ლივერპულის“ ცენტრალურ მცველს და გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ვირჯილ ვან დეიკს მიაჩნია, რომ სუპერ თასის დასაკუთრება „წითლებისთვის“ უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. როგორც მოგეხსენებათ „მერსისაიდელებმა“ „ჩელსის“ თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლიეს და კიდევ ერთი ტიტული მოიპოვეს.

„სუპერ თასის მოგება გუნდის პროგრესისთვის და განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ტიტულების დასაკუთრება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აუცილებელია“.

„სანამ ლივერპულში გადავიდოდი მიზნები დავისახე და ერთ-ერთი მათგანი თასების მოპოვება გახლდათ. ტიტულების მოგების თითოეული შანსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენო და თუ წარმატებას მიაღწევ, შემდეგ ჯერზე ყველაფერი გაგიადვილდება“.

წლეულს იურგენ კლოპის გუნდი რამდენიმე ფრონტზე იბრძვის. გასულ სეზონში „მერსისაიდელებმა“ ჩემპიონთა ლიგა ტრიუმფით დაასრულეს და პრემიერ ლიგის მოგებასთანაც ძალიან ახლოს იყვნენ.

„ლივერპულმა“ ინგლისის უმაღლეს დივიზიონში გამოსვლა დადებით ნოტაზე დაიწყო და პირველ ტურში „ნორვიჩი“ 4-1 დაამარცხა. „წითლების“ ქომაგების იმედი აქვთ, რომ მათი საყვარელი გუნდი წარმატებულ სვლას გააგრძელებს და „საუთჰემპტონსაც“ მოუგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები