„ორ გოლს გპირდებით“ - ნეიმარი პსჟ-სთან „ბარსას“ ისტორიულ ქამბექს იხსენებს
Aa
Aa

„ორ გოლს გპირდებით“ - ნეიმარი პსჟ-სთან „ბარსას“ ისტორიულ ქამბექს იხსენებს

2017 წელს კატალონიის „ბარსელონამ“ ისტორია დაწერა! „ბლაუგრანამ“ საფრანგეთში 4-0-ით წაგების შემდეგ, „კამპ ნოუზე“ სასწაული მოახდინა და „პარი სენ-ჟერმენი“ 6-1 გაანადგურა.

მაშინდელი „ბარსას“ ერთ-ერთ ლიდერს, ნეიმარს საკუთარი გუნდის წარმატებაში ეჭვი არ ეპარებოდა და დარწმუნებული იყო, რომ „ბარსელონას“ გამარჯვებაში თავის წვლილს შეიტანდა.

„ნეიმ“ პსჟ-სთან დაპირისპირება DAZN-ის დოკუმენტურ ფილმში, The Making of-ში გაიხსენა.

„ჩემმა ორმა მეგობარმა მითხრა, რომ პარიზელებს კარგი გუნდი ჰყავდათ, რაც რეალობა იყო. ისინი მეუბნებოდნენ, რომ პსჟ შემდეგ ეტაპზე უკვე გასული იყო და არაფერს ჰქონდა აზრი, თუმცა მე ვუთხარი: „თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, ჩემთან მუშაობთ, მაგრამ როგორც ჩანს არ გჯერათ, რომ ორმატჩიანი დაპირისპირების ბედის შემოტრიალება შეგვიძლია. ჩვენ მიზანს მივაღწევთ და მე თქვენ ორ გოლს გპირდებით“.

„დილით ვარჯიში გვქონდა და ჩემი თანაგუნდელების სახეები ვიხილე. ყველა ბედნიერი იყო და არავინ წუხდა იმაზე, რომ მატჩის ბედის შემოტრიალებას ვერ მოვახერხებდით. ვიცოდით, რომ სასურველი ანგარიშის დაფიქსირება ძალიან გაგვიჭირდებოდა. როგორც ბარსელონაში ყოველთვის ხდება ხოლმე, ვარჯიშზე მხოლოდ ფეხბურთზე ვლაპარაკობდით და გვინდოდა მატჩი სანახაობად გვექცია“.

„დარწმუნებულები ვიყავით, რომ გავიმარჯვებდით. წარმოდგენა არ გვქონდა მომდევნო რაუნდის საგზურს მოვიპოვებდით თუ არა, თუმცა გვჯეროდა, რომ მოვიგებდით, რადგან ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ კარგად ვითამაშებდით“.

„მატჩი განსხვავებულ რიტმში დაიწყო. მე თანაგუნდელებს ვიწვებდი და ჩვეულზე გაცილებით მეტს დავრბოდი. ის შეხვედრა ჩემს კარიერაში ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იყო და ალბათ ყველაზე ემოციურიც“.

„ორი გოლი მალევე გავიტანეთ და აღტაცებულები ვიყავით. შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავედით, თუმცა გასახდელში ყვირილი და ზეიმი არ დაგვიწყია. მშვიდად ვსაუბრობდით, კონცენტრაციას არ ვკარგავდით და ერთადერთი დიალოგი, რომელიც მახსოვს ასეთი იყო: „მოდით მიზანს ნელ-ნელა მივაღწიოთ“. არ გვანაღვლებდა მომდევნო რაუნდში გავიდოდით თუ არა. ვფიქრობ იმ დღეს კარგად ზუსტად ამიტომ ვითამაშეთ. გუნდი სასოწარკვეთილი არ გახლდათ, პირიქით ფოკუსირებულები ვიყავით“.

„მეორე გოლის შემდეგ "კამპ ნოუზე" ატმოსფერო შეიცვალა და დავინახეთ, რომ გულშემატკივრებმა ჩვენი ირწმუნეს".

„მესამე გოლი, რომ შევაგდეთ, (ლეომ გაიტანა, პენალტი მე მოვიპოვე), ქომაგები გააქტიურდნენ და ვფიქრობდით, რომ მომდევნო ეტაპის მოპოვების რეალური შანსი გაგვიჩნდა".

„ზუსტად ამ მომენტში გოლი გავუშვით და გულშემატკივრების სახეებზე იმედგაცრუება ამოვიკითხეთ. მათი გამომეტყველება კი ამბობდა: „დაგვერხა“. სასურველი შედეგის დაფიქსირება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. 3-0-ზე ყველას სჯეროდა, რომ კიდევ ერთ გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ახლა მეტოქის კარი 3-ჯერ უნდა აგვეღო“.

„ჩვენი ფეხბურთის თამაში გავაგრძელეთ და იმედი გვქონდა ბურთს აღარ მივიღებდით. მე რწმენა არ დამიკარგავს და მინდოდა მეგობრებისთვის დაპირებული ორი გოლი შემეგდო. იმ მატჩის გახსენებაზე დღემდე ჟრუანტელი მივლის. ძალიან ემოციური დღე იყო“.

88-ე წუთზე „ნეიმ“ ჯარიმა შეაგდო. რამდენიმე წამის შემდეგ კი ლუის სუარესმა პენალტი მოიპოვა და თერთმეტმეტრიანის დარტყმა ბრაზილიელს მიანდეს.

„მინდოდა პენალტი ლეოს დაერტყა, მაგრამ მან იუარა და მითხრა: „არა, შენ დაარტყი“. გამიკვირდა და ვკითხე - „მე“? მესიმ კი მითხრა: „კი, კი, შენ“.

„დარტყმისას მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ თერთმეტმეტრიანი არ გამეფუჭებინა. გაცუდებული პენალტი ბარსელონას მომდევნო ეტაპზე გასვლის ოცნებას მოუკლავდა. თერთმეტმეტრიანის დარტყმისას ამაზე მეტად კონცენტრირებული არასდროს ვყოფილვარ და მადლობა ღმერთს რომ შევაგდე. პირობა შევასრულე და მეტოქის კარი ორჯერ ავიღე. მოგვიანებით ლეოს ვკითხე: „რატომ მომეცი პენალტის შესრულების საშუალება“?

„მესიმ კი მიპასუხა: „ვგრძნობდი, რომ გაიტანდი და საკუთარ თავში უფრო მეტად იყავი დარწმუნებული". პენალტის შემდეგ კლუბს მეექვსე გოლის შეგდების რეალური შანსი მიეცა“.

„იმ შეხვედრაში ყველაზე მნიშვნელოვანი სერხი რობერტოს გოლი იყო. მომდევნო ეტაპზე სწორედ ამ ბურთის წყალობით გავედით. ეს არის გოლი, რომელიც ისტორიას სამუდამოდ დარჩება. ის გოლი განსაკუთრებული იყო და იმ მომენტში „კამპ ნოუ“ აფეთქდა. ის გოლი ბარსელონას ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო“.

„არ ვტიროდი! მეცხრე ცაზე ვიყავი. ასეთი „კამპ ნოუ“ არასდროს მინახავს. მეექვსე გოლის შემდეგ ფეხბურთელები და გულშემატკივრები აფეთქდნენ“!

„ეს მომენტი ცხოვრების ბოლომდე სწორედ ამიტომ მემახსოვრება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები