Aa
Aa

"ჩიხურამ" "აბერდინს" ვერაფერი მოუხერხა და შოტლანდიაში 5-0 განადგურდა

საჩხერის "ჩიხურა" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს მეორე რაუნდში გამოეთიშა. იმერლებმა თბილისში ნათამაშები 1-1-ის შემდეგ, "აბერდინთან" სტუმრად ვერაფერი გააწყვეს და შოტლანდიაში 5-0 განადგურდნენ.

მასპინძლებმა მატჩი კარგად დაიწყეს და ანგარიში მეცხრე წუთზე კოსგროუვის გოლის წყალობით გახსნეს. ამ უკანასკნელმა 11 წუთში მეორეც შეაგდო და "აბერდინი" შესვენებაზე კომფორტული ჰანდიკაპით გავიდა.

შოტლანდიელები მეორე ნახევარშიც დომინირებდნენ. "ჩიხურამ" შეტევაში გადასვლა რამდენჯერმე სცადა, თუმცა მასპინძლები დამაჯერებლად მოქმედებდნენ და თამაშის ტემპს აკონტროლებდნენ.

"აბერდინის" ფეხბურთელებმა შექმნილი მომენტები მშვენივრად გამოიყენეს და 58-ე წუთზე იმერლები მესამედ დაამწუხრეს. ამჯერად თავი ლიმ გამოიჩინა. 7 წუთში "ჩიხურას" კარი რაითმა აიღო. საბოლოო ანგარიში კი მეოთხმოცე წუთზე კოსგროუვმა დააფიქსირა და ჰეთ-თრიქი გაიფორმა - 5-0.

"ჩიხურას" დამარცხების შემდეგ "აბერდინს" ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე რაუნდში შოტლანდიელები "რიეკას" დაუპირისპირდებიან.

ფოტო - ჩიხურას ფეისბუქ გვერდი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები