ულამაზესი გოლები -
Aa
Aa

ულამაზესი გოლები - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა და "ფეიენოორდს" დაუპირისპირდება!

უეფას ევროპა ლიგის 2019-20 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩში "დინამომ" საშინაო კედლებში აზერბაიჯანულ "გაბალას" უმასპინძლა. თბილისურმა გუნდმა მეტოქე 3-0 გაანადგურა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

აზერბაიჯანელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და პირველი ტაიმის სტარტზე უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა "დინამომ" ინიციატივა მალევე იგდო ხელთ და საწყისი 45 წუთის უდიდესი ნაწილი ქართული კლუბის კარნახით წარიმართა.

"დინამომ" რამდენიმე მომენტი შექმნა, მაგრამ ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხა. რაც შეეხება "გაბალას", სტუმრები შეტევაზე არ ფიქრობდნენ და თბილისელთა კარის მიმართულებით მხოლოდ ერთხელ დაარტყეს.

სიტუაცია არც მეორე ტაიმში შეცვლილა. "გაბალა" საკუთარ ნახევარზე იყო გამაგრებული და გოლის არგაშვებაზე უფრო გახლდათ ორიენტირებული, ვიდრე "დინამოს" კარის აღებაზე.

თბილისელები მეორე ნახევარში უკეთ გამოიყურებოდნენ. "დინამო" პრესინგს თამაშობდა, აქტიურად უტევდა და მომენტებს ქმნიდა. ქართული კლუბი გოლს ნელ-ნელა უახლოვდებოდა და საბოლოოდ 68-ე წუთზე ანგარიში გახსნა. "დინამოს" მხრიდან ლევან შენგელია გამოირჩა, რომელმაც ნამდვილი შედევრი შემოგვთავაზა და "გაბალას" კარი მესის სტილში, ბრწყინვალე სოლორეიდის შემდეგ აიღო.

 

88-ე წუთზე შენგელიამ კიდევ ერთხელ გაგვაოცა და ალბათ პირველ გოლზე უკეთესი ბურთი შეაგდო. 

 

მესამე დამატებულ წუთზე კი თბილისელებმა მორიგი ლამაზი გოლი გაიტანეს. "გაბალას" ქომაგები ამჯერად კარიკარიმ დაამწუხრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

ამრიგად "დინამომ" 3-0 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე "ფეიენოორდს" დაუპირისპირდება. ქართულ-ჰოლანდიური ჯახის პირველი მატჩი 8 აგვისტოს, როტერდამში გაიმართება. საპასუხო შეხვედრას კი ერთი კვირის შემდეგ თბილისი უმასპინძლებს 

ფოტო - "დინამოს" ფეისბუქ გვერდი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები