ვაწაძე და თოთაძე აზიურ ლიგაში, გრიგალაშვილი კლუბს დაემშვიდობა
Aa
Aa

ვაწაძე და თოთაძე აზიურ ლიგაში, გრიგალაშვილი კლუბს დაემშვიდობა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი მათე ვაწაძე კარიერას უზბეკურ ''ქიზილქუმში'' გააგრძელებს. ინფორმაცია ფეხბურთელმა CrystalSport-თან საუბარში დაადასტურა. მასთან ერთად თბილისის ''დინამოს'' ყოფილი მცველი ლაშა თოთაძე იასპარეზებს, რომელიც უზბეკურ კლუბში გადასვლამდე ირანულ ''ნასაჯში'' გიორგი გველესიანთან ერთად თამაშობდა.

''ქიზილქუმი'' გუნდის ლიდერმა ელგუჯა გრიგალაშვილმა დატოვა. ამ ეტაპზე უცნობია სად გააგრძელებს ფეხბურთელი კარიერას.

მათე ვაწაძემ პროფესიული საფეხბურთო კარიერა თბილისის ''დინამოში'' დაიწყო. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის გარდა გორის ''დილას,'' რუსული ''ვოლგასა'' და 3 დანიური კლუბის, ''ორჰუსის,'' ''ვიბორგისა'' და ''სილკებორგის'' ღირსებას იცავდა. ასევე 2016 წელს რამდენიმე თვე თბილისის ''ლოკომოტივში'' გაატარა. მან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 15 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. კახა ცხადაძის მთავარი მწვრთნელობის შემდეგ ეროვნულ გუნდში არ მიუწვევიათ.

რაც შეეხება ლაშა თოთაძეს, მას არაერთ ქართულ კლუბში უთამაშია, 30 წლის მცველი კარიერის საწყის ეტაპზე კიევის ''დინამოს'' სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა, შემდეგ კი უნგრული კლუბების, ''დიორისა'' და ''ლომბარდ პაპას'' მაისური მოირგო. კარიერის ყველაზე გამორჩეული პერიოდი თბილისის ''დინამოში'' გაატარა, რომლის ღირსებას 2014-15 და 2017-19 წლებში იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები