ფეხბურთელები, რომლებმაც LGBT თემის წევრობა აღიარეს
Aa
Aa

ფეხბურთელები, რომლებმაც LGBT თემის წევრობა აღიარეს

როცა ფეხბურთელების მხრიდან საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გასაჯაროების ფაქტებს ვიხსენებთ,  ყველაზე ცნობილი და მძიმე ისტორია ჯასტინ ფაშანუს უკავშირდება. ის იყო პროტაგონისტი, პირველი ფეხბურთელი, რომელმაც აღიარა, რომ LGBT თემს წარმოადგენდა. 1990 წელს The Sun-ის პირველ გვერდზე გამოქვეყნებულმა ამბავმა, ფაშანუს მიერ გადადგმულმა გაბედულმა ნაბიჯმა მსოფლიო ფეხბურთის ქომაგები შოკში ჩააგდო.

ფაშანუს ნაბიჯს უარყოფითი რეაქციები მოყვა, მას აღარ იწვევდნენ კლუბებში, რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ ცინიზმისა და გულგრილობის მსხვერპლმა ფეხბურთელის კარიერა ნაადრევად დაასრულა.

ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, AS-მა ის მოთამაშეები გაიხსენა, რომლებმაც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ისაუბრეს. მათგან ფაშანუ ერთადერთია, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს მოხდა 1998 წლის 2 მაისს, აღიარებიდან 8 წლის შემდეგ. ფაშანუსთან დაკავშირებით ვითარების ნათელი სურათის შესაქმნელად მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ფეხბურთელი ''თინეიჯერის'' გაუპატიურებაში იყო ბრალდებული და მას 20-წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

2014 წელს ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა ტომას ჰიცშპერგერმა აღიარა, რომ LGBT თემს წარმოადგენდა. გერმანულ Die Zelt-თან ინტერვიუში გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ''ბაიერნის'' ყოფილმა მოთამაშემ განაცხადა:''გასულ წლებში დავრწმუნდი, რომ უპირატესობას კაცთან ცხოვრებას ვანიჭებ. მსურს ჩემი სიტყვები გახდეს იმის საფუძველი, რომ ჰომოსექსუალობის შესახებ პროფესიულ სპორტში მეტი საუბარი და მეტი განხილვა იყოს.''

LGBT თემის წევრობა ასევე აღიარა შვედმა ანტონ ჰისენმა. ასევე, შვედეთის ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მაგდალენა ერიქსონმა და დანიის ქალთა ეროვნული ნაკრების წევრმა პერნილე ჰარდერმა განაცხადეს, რომ მათ ერთმანეთი უყვართ და LGBT თემს წარმოადგენენ. 

რამდენიმე კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ''უელვას'' ქალთა გუნდის ფეხბურთელი სანდრა კასტელო კლუბის დელეგატთან ლეირე სერანოსთან დაქორწინდა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გააჟღერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები