მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადია! - "ფორბსმა" წლის ასეული გამოაქვეყნა
ჟურნალმა „ფორბსმა“, ბოლო 1 წლის მონაცემებით, ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენების ასეული გამოაქვეყნა, რომლის სათავეშიც „ბარსელონას“ ვარსკვლავი - ლიონელ მესი მოექცა.
„ფორბსის“ მიხედვით, მესის წლიურმა შემოსავალმა 127 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მეორეადგილოსან კრიშტიანუ რონალდუს მაჩვენებელზე 18 მილიონით მეტია. ხუთეულში ნეიმარი, მექსიკელი მოკრივე - კანელო ალვარესი და შვეიცარიელი ჩოგბურთელი - როჯერ ფედერერი მოხვდნენ. ნეიმარმა 105 მილიონი დოლარი გამოუმუშავა, ალვარესმა - 94, ხოლო ფედერერმა - 93.4.
ბოლო 7 წლის განმავლობაში 4-ჯერ წლიური შემოსავლებით გამორჩეული ფლოიდ მეივეზერი გახლდათ, რომელიც წლევანდელ ასეულში საერთოდ ვერ მოხვდა.
„ფორბსის“ მიერ შედგენილ ასეულში, სერენა უილიამსის სახით, ერთადერთი ქალბატონია. ლეგენდარული ამერიკელი ჩამონათვალში 63-ე ადგილზეა, გასულ წელს მისი შემოსავალი 29.2 მილიონი დოლარი იყო.