რთული და გრძელი გზა, მაგრამ შესაძლებელი - ნეიმარის დაბრუნება სულ უფრო რეალური ხდება!
Aa
Aa

რთული და გრძელი გზა, მაგრამ შესაძლებელი - ნეიმარის დაბრუნება სულ უფრო რეალური ხდება!

როგორც ჩანს, ნეიმარი და „ბარსელონა“ ყოველდღიურად ერთმანეთისკენ თითო ნაბიჯით მიიწევენ.

ბრაზილიელის „კამპ ნოუზე“ დაბრუნება სულ უფრო რეალური ხდება. ესპანური Sport-ი Esporte Interativo-ზე დაყრდნობით წერს, რომ ყველაფერი სულ უფრო სერიოზულდება და თანამშრომლობის სურვილი ორივე მხარეს აქვს.

როგორც წყარო წერს, ეს არ არის არც ჭორი და არც ვინმეს სურვილი. საქმე სერიოზულად არის და უახლოეს კვირებში კლუბიც და ფეხბურთელიც მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

ნეიმართან დაახლოებული ჟურნალისტი მარსელო ბეჩლერი ამბობს, რომ ფეხბურთელის გარემოცვა სულ უფრო ოპტიმისტურად უყურებს მისი „ბარსელონაში“ დაბრუნების შესაძლებლობას.

როგორც ირკვევა ნეიმარმა თავის გარემოცვას უკვე აცნობა, რომ ის პარიზის დასატოვებლად ემზადება. ფეხბურთელი თავის ნაბიჯს შეცდომას უწოდებს და ცდილობს, რომ „ბარსელონაში“ დასაბრუნებლად ყველაფერი გააკეთოს.

ნეიმარმა თავის „ბარსელონელ“ მეგობრებს უკვე აცნობა, რომ მას დაბრუნების სურვილი აქვს. საუბარია მესისა და სუარესზე, პლუს რამდენიმე მოთამაშეზე. თავის მხრივ, არგენტინელი და ურუგვაელი ამ გადაწყვეტილებით კმყოფილები არიან და ძველ მეგობარს უკან სიამოვნებით მიიღებენ.

ის ფაქტი, რომ ნეიმარი და მისი გარემოცვა პარიზში თავს ისე კარგად ვეღარ გრძნობენ და ფეხბურთელი გუნდის დატოვებას ცდილობს არ ნიშნავს იმას, რომ ბრაზილიელი „ბარსელონასთან“ კონტრაქტს მარტივად გააფორმებს და უკან დაბრუნდება.

ნეიმარს ჯერ კიდევ აქვს სამართლებრივი ბრძოლა „ბლაუგრანას“ წინააღმდეგ. სარჩელი კვლავ სასამართლოშია. საუბარია მისი გუნდიდან წასვლის დროს ფეხბურთელის მამის მიერ მოთხოვნილ 24 მილიონ ევროზე, რომელიც მის შვილს კონტრაქტის გათვალისწინებით უნდა მიეღო, მაგრამ „ბლაუგრანამ“ თავი კარგად დაიცვა და მათი არგუმენტები ამ მომენტამდე სასამართლოსთვის უფრო მყარი და სანდო გამოდგა.

„ბარსელონას“ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ხსენებულ 24 მილიონს ნეიმარი კლუბის მიმართ გამოჩენილი ერთგულების შემთხვევაში მიიღებდა, რაც ბრაზილიელის მიერ კონტრაქტის პირობების სრულად შესრულებას ითვალისწინებდა. როგორც მოგეხსენებათ ნეიმარმა „ბლაუგრანა“ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე დატოვა და ბუნებრივია მან ერთგულების ბონუსი ვერ მიიღო.

წყარო ამბობს, რომ ნეიმარის კვლავ „ბარსას“ ფორმით ხილვა საკმაოდ რეალურია. ეს იქნება გრძელი და რთული გზა, მაგრამ რეალური.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები