Aa
Aa

ხელჩართული ჩხუბი ბოლნისში - გუნდები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში ბოლნისის ''სიონისა'' და ''რუსთავის'' შეხვედრაში ფეხბურთელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მატჩის 61-ე წუთზე მოთამაშეებს შორის დაწყებული ხელჩართული ჩხუბი 4 წითელი ბარათით დასრულდა. მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა მოედნიდან ვილი ისიანი, დავით თარგამაძე, ლაშა ქოჩლაძე და ლუკა გადრანი გააძევა. გუნდებმა შეხვედრა 9-9 ფეხბურთელით გააგრძელეს.

ცხადია აღნიშნულ ეპიზოდზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს და ფეხბურთელებს შესაბამის ვერდიქტს გამოუტანს.

71-ე წუთზე ''სიონის'' ფორვარდი თამაზ მაქაცარია მეორე სართულზე ბრძოლისას მოედანზე ცუდად დაეცა და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა. 75-ე წუთზე მაქაცარია ვაჟა ქიქავამ შეცვალა.

აღნიშნულ ფიზიკურ დაპირისპირებამდე ''რუსთავმა'' მასპინძელთა კარში 3 უპასუხო გოლი გაიტანა.ბოლნისელთა მეკარეს, თორნიკე ზარქუას გოლები ზაზა ციცქიშვილმა, ლაშა ქოჩლაძემ და ლუკა სილაგაძემ გაუტანეს. შესაბამისად, გოლები მე-5, მე-11 და 61-ე წუთებზე გავიდა.

84-ე წუთზე ბოლნისელთა შემტევმა დავით კირკიტაძემ სხვაობა შეამცირა და ანგარიში 1:3 გახდა. 88-ე წუთებზე ''რუსთავის'' ფეხბურთელმა ავთო გუჯაბიძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში 2:3 გახდა. პირველ დამატებულ წუთზე დავით კირკიტაძის ჩაწოდების შემდეგ ლევან ხმალაძემ თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. ბოლნისის ''სიონმა'' სამბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა. თემურ შალამბერიძის გაწვრთნილმა გუნდმა სამი გოლი შვიდ წუთში გაიტანა.

მთავარმა მსაჯმა მატჩს 6 წუთი დაამატა. ბოლო დამატებულ წუთზე ''სიონს'' გამარჯვების შანსი ჰქონდა, თუმცა რუსთაველთა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ბრწყინვალე ''სეივით'' გუნდი მარცხისგან იხსნა. საბოლოოდ მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები