იოჰან კრუიფი გარდაიცვალა!
კატალონიური "ბარსელონასა" და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ლეგენდა, ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იოჰან კრუიფი რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა. ეს სამწუხარო ინფორმაცია მისმა ოფიციალურმა საიტმა რამდენიმე წუთის წინ დაწერა, რომელსაც ბრიტანული BBC-ც აქვეყნებს.
კრუიფი სამგზის "ოქროს ბურთის" მფლობელი და საყოველთაო აღიარებით მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
მას ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი ოქტომბრის თვეში დაუსვეს. თებერვალში მან ჟურნალისტებს ხუმრობით უთხრა, რომ ამ დაავადებას 2:0-ს უგებდა და საბოლოოდ აუცილებლად დაამარცხებდა, თუმცა...
ლეგენდარული ჰოლანდიელის გარდაცვალების მომენტში მასთან ერთად ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები იყვნენ. კრუიფი 68 წლისა იყო.