“ქუთაისი” ფინალურ სერიაში “დელტას” შეხვდება
სუპერლიგის მეორე ფინალისტი საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” გახდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა ნახევარფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში დაძაბულ ბრძოლაში – 78:74 დაამარცხეს მოქმედი ჩემპიონი “დინამო თბილისი” და ფინალში გავიდნენ.
საჩემპიონო სერია, რომელიც 3 მოგებამდეა, 23 მაისს დაიწყება და მასში ერთმანეთს “ქუთაისი” და “დელტა” შეხვდებიან. იმერულ კლუბს, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა, მოედნის უპირატესობა ექნება და 23-24 მაისს 2 მატჩს იმ დარბაზში ჩაატარებს, რომელშიც ფინალის საგზური მოიპოვა.
გამარჯვებულთაგან 21 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯონათან ლი გახლდათ. 18 ქულა აკაკი დვალიშვილის, ხოლო 15 – დავით ლომიძის ანგარიშზეა. დინამოელთაგან 25 ქულით დემაგოი ბუბალო გამოირჩა, ჯორდან სვოპშირის ანგარიშზე 19 ქულა დაგროვდა.
“დინამო” მესამე ადგილისთვის მატჩში 26 მაისს “მგზავრებს” შეხვდება.