Aa
Aa

რივალდო გაბრიელ ჟეზუშს ურჩევს "სიტი" დატოვოს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო, გაბრიელ ჟეზუშს „მანჩესტერ სიტის“ დატოვებისკენ მოუწოდებს. „ქალაქელთა“ 22 წლის ფორვარდს პეპ გუარდიოლა ბევრ სათამაშო დროს არ აძლევს და „ბარსელონას“ ლეგენდა მიიჩნევს, რომ პრაქტიკის მისაღებად კარიერის სხვა გუნდში გაგრძელებაა აუცილებელი.

„შარშანდელისგან განსხვავებით წლეულს გაბრიელ ჟეზუშს „მანჩესტერ სიტის“ თამაშზე დიდი გავლენა არ მოუხდენია და მომდევნო სეზონის წინ არჩევანის გაკეთება მოუწევს“.

„ჟეზუში ახალგაზრდა ფეხბურთელია. მას შეუძლია „სიტიში“ დარჩეს, პეპ გუარდიოლასთან განვითარდეს და თავის შანსს დაელოდოს. ან სხვა კლუბში გადავიდეს, რომელსაც მსგავსი სტრუქტურა აქვს და ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გახდეს“.

„პირადად მე ვთვლი, რომ მეორე ვარიანტი საუკეთესო გამოსავალია. გაბრიელმა „სიტიში“ საჭირო გამოცდილება მიიღო და დაღვინდა. ჟეზუში მზადაა ახალ გამოწვევებს გაუმკლავდეს და გადავიდეს კლუბში, რომელშიც მასზე გაცილებით ბევრი რამ იქნება დამოკიდებული“.

ჟეზუში „ქალაქელებმა“ 2017 წელს „პალმეირასიდან“ გადაიბირეს. ბოლო პერიოდში ბრიტანულ პრესაში ბრაზილიელი ფორვარდის შესაძლო ტრანსფერის შესახებ აქტიურად იწერება. „ნისლიან ალბიონზე“ იტყობინებიან, რომ „სიტი“ „ბენფიკას“ ამომავალი ვარსკლავით, ჟოაო ფელიშითაა დაინტერესებული და გამორიცხული არაა ჟეზუშის გასხვისებას დათანხმდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები