Aa
Aa

"ტოჩინოშინმა წაუგებელი სვლა გააგრძელა"! - იაპონური პრესა ქართველის კარგ ფორმაზე აქცენტირებს

ქართველი სეკივაკე, ტოჩინოშინი, "ნაცუ ბაშოზე" წარმატებულ სვლას აგრძელებს და ჯერჯერობით ჩატარებული ოთხივე ორთაბრძოლა მოიგო. "ტოჩის" დღევანდელი გამარჯვების შემდეგ იაპონური გამოცემები ქართველის კარგ ფორმაზე აქცენტირებენ, გთავაზობთ ამონარიდს ორი გამორჩეული მედიასაშუალების სტატიიდან.

japantimes-ი მიიჩნევს, რომ ტოჩინოშინმა ოძეკის წოდების დაბრუნებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა დღეს იოლი ორთაბრძოლა ნამდვილად არ ჰქონია.

"სეკივაკე ტოჩინოშინმა დღე ისე დაასრულა, რომ იოკოძუნა კაკურიუსთან და #8 მაეგაშირა ასანოიამასთან ერთად, დაუმარცხებელ რიკიშად რჩება. ჩამოქვეითებულმა ქართველმა ოძეკის წოდების დაბრუნებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, რაც #3 მაეგაშირა ტამავაშისთან გამარჯვებით გააკეთა. მონღოლმა ორთაბრძოლა აქტიურად დაიწყო და მოწინააღმდეგე აიძულა, დაცვითი რედუტები აღემართა, შემდეგ კი ტოჩინოშინი შეტევაზე თავად გადავიდა და იორიკირით იმარჯვა". - წერს japantimes.co.jp-ი.

კონტრშეტევაზე ეფექტურად გადასვლაზე უსვამს ხაზს გამოცემა the-japan-news-ი, რომელიც აღნიშნავს, რომ გორგაძემ ურთულესი ორთაბრძოლა შემოატრიალა.

"ტოჩინოშინი დოჰიოდან გადავარდნასთან ახლოს იყო, მაგრამ თავის შეკავება და კონტრშეტევაზე გადასვლა შეძლო. ამის შემდეგ სეკივაკემ უპირატესობა მოიპოვა, მეტოქეს ქამრებში ხელი ჩაავლო, რითაც წაუგებელი სვლა გააგრძელა". - აღნიშნავს the-japan-news-ი.

ქართველი რიკიში "ნაცუ ბაშოს" მე-5 დღეს ჰოკუტოფუჯის დაუპირისპირდება, რომელიც წოდებით #1 მაეგაშირაა და მიმდინარე ბაშოზე მოგება-წაგებათა ბალანსი 1:3-ზე აქვს, უშუალოდ ტოჩინოშინს კი ურთიერთშეხვედრებში 3:2-ზე ამარცხებს.

ცხელი ამბები