მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "გუარდიოლას 26 და მე 25? "პორტუში" და "ინტერში" რომ დავრჩენილიყავი 31 მექნებოდა"!

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ ფრანგულ გამოცემა L'Equipe-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რამდენიმე საინტერესო საკითხის შესახებ ისაუბრა.

სამომავლო გეგმები და „პსჟ-ს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი?

„ამ თემაზე საუბარი არ მსურს. „პსჟ-ს“ მაღალი დონის სპეციალისტი წვრთნის და სჯობს იმ გუნდზე მკითხოთ, რომლის კარიც ღიაა“.

რატომ ვერ აღწევს "პსჟ" ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას?

„პსჟ ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც დიდი მიზნები აქვს, მაგრამ ევროტურნირებზე წარმატებას ვერ აღწევს, რადგან რაღაც აკლია. ის რომ გუნდს ევროპულ ასპარეზზე არაფერი მოუგია, ძალიან მნიშვნელოვანია". 

„მწვრთნელების შემთხვევაშიც იგივე ხდება. კარიერის ფინიშს რომ უახლოვდები და არცერთ ევროტურნირზე არ გაქვს თასი აღმართული, ხვდები რომ რაღაც დაგაკლდა. „პსჟ“ ზუსტად ამ სიტუაციაში იმყოფება. გუნდს საფრანგეთში კონკურენციას ვერავინ უწევს. ის ფრანგული ფეხბურთის ფლაგმანია, თუმცა ევროპულ გრანდებს მაინც ბევრით ჩამორჩება“.

„მანჩესტერისა“ და „პსჟ-ს“ ჯახი

„ზუსტად ვიცი რა მოხდა, მაგრამ ამ თემის შესახებ საჯაროდ საუბარს არ ვაპირებ. „მანჩესტერმა“ ჯგუფურ ეტაპზე „იუვენტუსი“ დაამარცხა, თუმცა „პსჟ-სთან“ მოპოვებული გამარჯვება მაინც კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი“.

იყო თუ არა „ოლდ ტრაფორდზე“  შექმნილი პრობლემები პოგბას ბრალი?

„თუ მეკითხებით იყო თუ არა პრობლემები, რომლებიც „მანჩესტერში“ ყოფნისას შემექმნა, მხოლოდ პოგბას ბრალი, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არა! მე გუნდი პოგბას გამო არ დამიტოვებია“.

პრობლემები ბენზემასთან „რეალში“ და მარსიალთან „მანჩესტერში“

„კარიმთან პრობლემები არ მქონია. უბრალოდ ვცადე მენტალიტეტის შეცვლაში დავხმარებოდი. ჩემი მიზანი იყო ბენზემას თავისი პოტენციალი სრულად გამოევლინა და ნამდვილი მკვლელი გამხდარიყო. სიმართლე გითხრათ კარიმთან მუშაობით დიდი სიამოვნება მივიღე“.

ჟოზე მოურინიო და მესამე წლის სინდრომი

„ხანდახან როცა ფეხბურთელებისგან ძალიან ბევრს ითხოვ, ისინი რეგრესს განიცდიან. თუ პროფესიონალი მოთამაშეებით დაკომპლექტებული კოლექტივი გყავს, რომლის წევრები ამბიციურები არიან, ბევრს მუშაობენ და კლუბის სტრუქტურა ხელს გიწყობს, ასეთი პრობლემები არ გექმნება“.

„როცა მარტო ხარ და კლუბი მხარს არ გიჭერს, რამდენიმე ფეხბურთელი შენს წინააღმდეგ ილაშქრებს. ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა „კარგი ბიჭის“ როლი მომერგო, რადგან „კარგი ბიჭები“ 3 თვის შემდეგ გუნდის მფლობელების მარიონეტები ხდებიან და მათთვის ყველაფერი ცუდად სრულდება“.

პოჩეტინო და კლოპი

„ჩემპიონთა ლიგის მოგებას ორივე მწვრთნელი იმსახურებს და ძალიან სამწუხაროა ერთ-ერთი რომ უნდა დამარცხდეს. იურგენი ფინალში მესამედ გავიდა და წარმოდგენა არ მაქვს ეს შეხვედრაც რომ დათმოს რა შეგრძნება დაეუფლება“.

გუარდიოლა 26 - მოურინიო 25

„მართალია 25 ტიტული მაქვს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ „პორტუში“ და „ინტერში“ რომ დავრჩენილიყავი 31 მექნებოდა. უეფას სუპერ თასი, ადგილობრივი სუპერ თასი, საკლუბო ჩემპიონატი... ასე რომ ციფრებზე აქცენტის გაკეთება საჭირო არაა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები